რუსეთი უმსხვილეს ევროპულ მყიდველებს გაზის მიწოდებას უზღუდავს, რის გამოც ბრიუსელი კრემლს შანტაჟში ადანაშაულებს.
ევროპამ ზამთრის რეზერვების გამოყენება დაიწყო, რადგან Gazprom-მა გერმანიის, იტალიის და საფრანგეთის უმსხვილეს მყიდველებს გაზის მოცულობა შეუმცირა. რუსეთმა ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვა დაიწყო იმ ფონზე, როცა მიმდინარე კვირაში ევროპელი ლიდერები უკრაინის მხარდასაჭერად კიევში ჩავიდნენ, დღეს კი ევროკომისიამ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი.
კონტინენტის რუსული გაზის უმსხვილესი მყიდველი - გერმანული ენერგეტიკული გიგანტი Uniper აცხადებს, რომ ის მოთხოვნილზე 60%-ით ნაკლებ მოხულობას იღებს. დიუსელდორფში მდებარე კომპანია ამჟამად დანაკლისს სხვა წყაროებით ავსებს.
იტალიური ენერგოკომპანია Eni და ფრანგული Engie ასევე აცხადებენ, რომ ისინი ნაკლებ საწვავს იღებენ.
Gazprom-მა დღეს განაცხადა, რომ ის იტალიას შეკვეთილი მოცულობის მხოლოდ 50%-ს მიაწვდიდა. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მიწოდების შეზღუდვას განაგრძობს, იტალია შესაძლოა, საგანგებო გეგმაზე გადავიდეს და კომპანიებს მოხალისეობრივად ენერგომოხმარების ნებაყოფლობით შეზღუდვა სთხოვოს.
იტალია გაზის თითქმის 40%-ს რუსეთისგან იღებს. კომპანია Eni სათავეში უდგას იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის მთავრობის ძალისხმევას, შეამციროს რუსულ გაზზე დამოკიდებულება, რისთვისაც ის ნაწილობრივ აფრიკის მწარმოებელ ქვეყნებთან ხანგრძლივ კავშირებს იყენებს.
მიმდინარე კვირაში გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიასა და იტალიაში რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შემცირებამ, ფასის 63%-მდე ზრდა გამოიწვია.
14 ივნისს Gazprom-მა განაცხადა, რომ ბალტიის სადგურზე დაზიანების გამო, Nord Stream-ის მეშვეობით, ბუნებრივი აირის ნაკადს 40%-ით ამცირებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ისისი ალმეიდა