LIVE

5 თვეში რუსეთიდან იმპორტი 40.5%-ით გაიზარდა - საქსტატი

20 ივნ 202211:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 341

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთი იყო, (1 მლრდ 025 მლნ აშშ დოლარი), მეორე პოზიცია დაიკავა ჩინეთმა (783 მლნ აშშ დოლარი), მესამე კი - რუსეთმა 764 მლნ აშშ დოლარი.

იანვარ-მაისში რუსეთიდან იმპორტი წლიურად 40.5%-ით გაიზარდა და ჯამში 554 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთზე მოდის მთლიანი იმპორტის 11.5%. იანვარ-მაისის მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა: ნავთობი და ნავთობპროდუქტები; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები; კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის, ან ტორფისგან; ხორბლის, ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი, ასევე, მარგარინი.

ამავე პერიოდში რუსეთზე მოდიოდა მთლიანი ექსპორტის 10%. ექსპორტის ჯამურმა რაოდენობამ 210 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წლიური ზრდა 3.7%-ია. იანვარ-მაისში რუსეთის ბაზარზე ყველაზე დიდი მოცულობით გაიყიდა ფეროშენადნობები; ყურძნის ნატურალური ღვინო; მინერალური და მტკნარი წყლები; სპირტიანი სასმელები.

2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (363 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (224 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (210 მლნ აშშ დოლარი).

რაც შეეხება 3 უმსხვილეს საიმპორტო პარტნიორს, ქვეყნების ჩამონათვალი ასე გადანაწილდა: თურქეთი (830 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (554 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (420 მლნ აშშ დოლარი).

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 466 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.1%-ს შეადგენდა. მეორე ადგილზე იყო ფეროშენადნობები 286 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 13.5%), ხოლო მესამეზე - მსუბუქი ავტომობილები 191 მლნ აშშ დოლარით (ექსპორტის 9%).

იანვარ-მაისში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში პირველ პოზიციაზე იყო ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლის იმპორტმა 461 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.6% შეადგინა. მეორე ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებდა 455 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 9.4%), ხოლო მესამეს - სპილენძის მადნები და კონცენტრატები 372 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7.7%).

საქსტატის მიხედვით, იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6 მლრდ 933 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 37.4%-ით მეტია. 5 თვეში ექსპორტი 2 მლრდ 112 მლნ აშშ დოლარი იყო (37.5%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 4 მლრდ 821 მლნ აშშ დოლარი (37.3%-ით მეტი). შესაბამისად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2 მლრდ 709 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.1% შეადგინა. 

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.6%-ით გაიზარდა და 14 მლრდ 315 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.