LIVE

საქართველო თურქეთში 6-ჯერ მეტს ყიდულობს ვიდრე ყიდის - სავაჭრო ბრუნვა $2 მილიარდზე მეტია

20 იან 202213:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1839
საქართველო თურქეთში 6-ჯერ მეტს ყიდულობს ვიდრე ყიდის - სავაჭრო ბრუნვა $2 მილიარდზე მეტია

საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთი იყო. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ 145 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტი კვლავ მნიშვნელოვნად, დაახლოებით 6-ჯერ აჭარბებს ექსპორტს, კერძოდ, გასულ წელს ექსპორტი 322 მილიონ 225 ათასი აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი 1 მილიარდ 823 მილიონ აშშ დოლარზე მეტი.

რაც შეეხება საქონელს, რომელსაც საქართველო თურქეთში ყიდის, გასულ წელს თურქეთში ყველაზე დიდი მოცულობით გაიყიდა ტრიკოტაჟის ნაწარმი, ფეროშენადნობები, შავი ლითონების ნარჩენები და ჯართი.

თურქეთიდან იმპორტირებული პროდუქციის სათავეში ავტომობილებია, შემდეგ მოდის, შავი ლითონის მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, მზა ნაწარმი, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით, დაფასოებული სამკურნალო საშუალებები და შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები. აღსანიშნავია, რომ თურქეთთან მედიკამენტების ბაზარი უკვე გაიხსნა შესაბამისად, წელს მედიკამენტების იმპორტის ზრდა მოსალოდნელია.

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.6%-ით გაიზარდა და 14 მილიარდ 315 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 69.5% შეადგინა. თურქეთის შემდეგ ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: რუსეთი (1 მლრდ 638 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 მლრდ 480 მლნ აშშ დოლარი).

2021 წელს იმპორტი 25%-ით, 10 მილიარდ 73 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.1% შეადგინა. პირველ სამეულში თურქეთის შემდეგ მოდის რუსეთი (1 მლრდ 28 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (864 მლნ აშშ დოლარი).

რაც შეეხება ექსპორტს, გასულ წელს ექსპორტი 27%-ით, 4 მილიარდ 242 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.3% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (615 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (610 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (531 მლნ აშშ დოლარი). აღსანიშნავია, რომ მთლიან ექსპორტში 73%-ს ადგილობრივი ექსპორტი იკავებდა. ეს მაჩვენებელი 3 მილიარდ 127 მილიონი აშშ დოლარი იყო. 

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 815 მლნ აშშ დოლარით (მთელი ექსპორტის 19.2%). მეორე პოზიციაზეა ფეროშენადნობები 477 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.3%), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 456 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.8%). მსუბუქი ავტომობილები საქართველოდან რეექსპორტზე გადის და საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებში პირველ ადგილს იკავებს. 2021 წელს მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 898 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.9% შეადგინა. იმპორტირებულ საქონელს შორის მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 822 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 8.2%), ხოლო მესამე ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები 736 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7.3%).