LIVE

"კრიპტო ზამთრის" ფონზე, Coinbase თანამშრომლების 18%-ს ათავისუფლებს

15 ივნ 202214:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 789
"კრიპტო ზამთრის" ფონზე, Coinbase თანამშრომლების 18%-ს ათავისუფლებს
Bloomberg

Coinbase Global კრიპტო სფეროში ვარდნის დასაძლევად თანამშრომლების რიცხვს 18%-ით, დაახლოებით 1 100 ადამიანით ამცირებს. კომპანია კვარტალს დაახლოებით 5 000 თანამშრომლით დაასრულებს. 

იქამდე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს კრიპტოსთან დაკავშირებულმა სხვა ბიზნეს ორგანიზაციებმა. მათ შორის, პერსონალი შეამცირა კონკურენტმა ბირჟამ Gemini Trust-მა და კრედიტორმა BlockFi-მა. ორივე მათგანმა გადაწყვეტილების მიზეზად "კრიპტო ზამთრის" დადგომა დაასახელა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალუტის ვარდნა ხანგრძლივად გრძელდება. 

Coinbase-მა ბოლო წლებში თანამშრომლების რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდა. მიმდინარე წელს მისი სამუშაო ძალა დაახლოებით 1 200 თანამშრომლით გაიზარდა.

თანამდებობიდან გათავისუფლებული თანამშრომლები მიიღებენ დათხოვნის მინიმუმ 3,5 თვის თანხას, დამატებით ყველა ნამუშევარი წლის ორი კვირის ანაზღაურებას. 

ბოლო დრომდე, კომპანია არ აღიარებდა "კრიპტო ზამთრის" დადგომას, მიუხედავად იმისა, რომ მისი აქციები იკლებს მას შემდეგ, რაც ის ერთ წელზე მეტი ხნის წინ საჯარო გახდა.

კრიპტოვალუტის ვარდნა მალევე დაიწყო მას შემდეგ, რაც ბიტკოინმა ნოემბერში ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. ამ წლის დასაწყისში,  სტაბილური მონეტა TerraUSD-ისა და მასთან დაკავშირებული Luna ტოკენის კოლაფსმა ბაზრის მილიარდობით მოგება გააქარწყლა. გასულ კვირაში მონეტების ფასები დაეცა მას შემდეგ, რაც კრიპტოკრედიტის გამსესხებელმა Celsius Network-მა შეაჩერა თანხების გატანა.

ბიტკოინის ფასი დღეს 5.2%-ით დაეცა და $20,833 შეადგინა. ორშაბათს ბაზრებიდან $1,1 მილიარდზე მეტი ღირებულების კრიპტოს ლიკვიდირება მოხდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოლგა ხარიფი