LIVE

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა წელს $1.4 ტრილიონი დაკარგეს

14 ივნ 202212:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1182
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა წელს $1.4 ტრილიონი დაკარგეს
Liesa Johannssen-Koppitz/Bloomberg

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა 2022 წელს ჯამურად $1.4 ტრილიონი დოლარი დაკარგა, მათ შორის, მხოლოდ 13 ივნისს, $206 მილიარდი. გლობალური ფინანსური ბაზრები ვარდნას მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და ინფლაციის გამო განიცდის.

ეს მკვეთრი კონტრასტია გასული წლის მონაცემებთან შედარებით, როდესაც მდიდარი ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 8%-ით, მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკაში 13%-ით გაიზარდა, ნათქვამია Capgemini World Wealth-ის მოხსენებაში. 

მონაცემები აჩვენებს, რომ აზია-წყნარი ოკეანის მდიდართა რაოდენობა მხოლოდ 4.2%-ით გაიზარდა და ჩამორჩა ევროპას და ჩრდილოეთ ამერიკას მას შემდეგ, რაც გასული ათწლეულის განმავლობაში მდიდარი ადამიანების რაოდენობის ზრდით დომინირებდა.

ერთ-ერთი მიზეზი იყო ჩინეთის მიერ ტექნოლოგიურ კომპანიებზე ზეწოლა და უძრავი ქონების ბაზრის ნელი ტემპით ზრდა. ტენდენციაზე გავლენა იქონია შეერთებული შტატების საფონდო ბირჟის ზრდამ, რამაც ხელი შეუწყო ყველაფრის ზრდას კრიპტოვალუტებიდან უძრავი ქონების ღირებულებებამდე. ვითარება სწრაფად იცვლება, რადგან ინფლაცია მკვეთრად გაიზარდა, რაც იწვევს შეშფოთებას იმის შესახებ, თუ რამდენად გაზრდის ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთებს.

თუმცა, Capgemini-ის ანგარიში აჩვენებს, რამდენად დიდი სარგებელი მოუტანა Covid-19-ის პანდემიამ და მონეტარული პოლიტიკის ზომებმა ეკონომიკურ ელიტას.

აშშ, იაპონია, ჩინეთი და გერმანია რჩებიან იმ ქვეყნებს შორის, სადაც მსოფლიოს მდიდარი ადამიანების უმეტესობა ცხოვრობს. Capgemini-ის ანგარიშის თანახმად, ეს ოთხი ქვეყანა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების თითქმის 64%-ის საცხოვრებელი ადგილია.

უფრო მეტიც, მსოფლიოს მდიდარ ადამიანებს შორისაც კი, ძალიან მდიდრებმა ყველაზე მეტი სარგებელი ნახეს. $30 მილიონზე მეტი ინვესტირებადი აქტივების მქონე ადამიანების სიმდიდრე 2020 წელთან შედარებით 9.6%-ით გაიზარდა. მათი სიმდიდრე, ვისაც $1-დან $5 მილიონამდე აქვს, ნელი ტემპით იზრდებოდა - 7.8%.

მოხსენებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ქალები, ყველა გათვლის მიხედვით, მომდევნო ორი თაობის განმავლობაში გლობალური ქონების 70%-ს დაიმკვიდრებენ. ტექნოლოგიური კომპანიების და სტარტაპების მაღალი შეფასებების შედეგად შექმნილმა უზარმაზარმა სიმდიდრემ, წარმოშვა უფრო მეტი ახალგაზრდა მდიდარი ადამიანი, მათ შორის კრიპტო სივრცეში.

რა თქმა უნდა, სწრაფი აღმასვლა ახლა საფრთხეშია, რადგან ბიტკოინის, ეთერიუმისა და დანარჩენი კრიპტოვალუტების ღირებულება იკლებს. ტექნოლოგიური სტარტაპები თვლიან, რომ ახალი კაპიტალის მოზიდვა გაცილებით ძვირი იქნება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იუჯუნ ლი