LIVE

გერმანია Gazprom-ის ყოფილი ერთეულის გადასარჩენად მილიარდობით სესხის გაცემას აპირებს

13 ივნ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1725
გერმანია Gazprom-ის ყოფილი ერთეულის გადასარჩენად მილიარდობით სესხის გაცემას აპირებს

გერმანიის მთავრობა აპირებს, რომ Gazprom-ის ყოფილი ერთეულის გადასარჩენად მილიარდობით სესხი გასცეს. ის ამჟამად გერმანიის ენერგო მარეგულირებლის დაქვემდებარების ქვეშაა.  

Bloomberg-ის ინფორმაციით, Gazprom Germania-სთვის თანხის გამოყოფა მიმდინარე კვირაში იგეგმება. წყაროს ინფორმაციით, სახელმწიფო ბანკის KfW Group-ის სესხი, სავარაუდოდ, 5 მილიარდი ევროდან ($5.2 მლრდ) 10 მილიარდ ევრომდე დიაპაზონში იქნება. საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება და გეგმები შეიძლება შეიცვალოს.  

ეს თანხა ხელს შეუწყობს კომპანიის ფინანსების სტაბილიზაციას და უზრუნველყოფს მიწოდების უსაფრთხოება მას შემდეგ, რაც რუსეთმა Gazprom Germania-ს მიწოდება შეუზღუდა.  

გერმანიის ენერგეტიკული რეგულატორის, Bundesnetzagentur-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის არ აკეთებს კომენტარს სპეკულაციაზე და განმარტავს, რომ Gazprom Germania-სთან დაკავშირებული ყველა მხარე "მუშაობს ინტენსიურად იმისათვის, რომ ბიზნესმა ოპერირება განაგრძოს".  

Gazprom Germania ქვეყანაში გაზის რამდენიმე საცავს ფლობს. მათ შორისაა ქვეყნის უდიდესი ობიექტი, ასევე მის მფლობელობაშია Wingas, რომელიც გერმანიის ძირითად სამრეწველო მომხმარებლებს ამარაგებს. კომპანიის საცალო ბიზნესი, რომელიც 2020 წელს გაერთიანებული სამეფოს კომერციული გაზის ერთ მეხუთედს უზრუნველყოფდა, ფლობს სავაჭრო ფილიალს ლონდონში და თხევადი ბუნებრივი გაზის ბიზნესს, რითაც ის ევროპის ენერგეტიკული ბაზრის ცენტრალურ ადგილს იკავებს. 

გერმანიაში რუსული კომპანიების შვილობილებიდან ბევრი ფლობს აქტივებს, რომლებიც გადამწყვეტია მიწოდების უსაფრთხოებისა და გერმანიის ეკონომიკისთვის. მთავრობა განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს, თუ როგორ გააგრძელებენ ისინი ოპერირებას, მათ შორის, განიხილება მეურვეობა (რომელიც მან აირჩია Gazprom Germania-ს შემთხვევაში), ასევე ენერგოკომპანიებზე კონტროლის აღება. 

აპრილში მმართველმა კოალიციამ წარმოადგინა მთელი რიგი ზომები, რომელიც ბერლინს საშუალებას მისცემს, რომ ენერგეტიკული ფირმები სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებაროს. კანცლერ ოლაფ შოლცის ადმინისტრაციამ ასევე შექმნა დაფინანსების ინსტრუმენტები, რათა შეძლოს წილის აღება იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებას საფრთხე ემუქრება. ასეთებია კაპიტალის პირდაპირ ინექცია კომპანიების გადასარჩენად და KfW სესხების გაცემა. 

გერმანიამ Gazprom Germania-ზე დროებითი კონტროლი გასულ თვეში აიღო. ჯგუფის კომპანიების უმეტესობა ზეწოლის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც კლიენტებმა და ბიზნესპარტნიორებმა უარი თქვეს მათთან ბიზნესის წარმოებაზე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

Gazprom Germania-ს მეურვეობის ვადა 30 სექტემბერს სრულდება და ჯერჯერობით გაურკვეველია თუ რა მოხდება ამის შემდეგ. ლონდონში მდებარე სავაჭრო ფილიალმა Gazprom Marketing & Trading უკვე განაცხადა, რომ მისი რუსეთის საკუთრებაში დაბრუნება არ განიხილება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ტოდ გილესპი, მაიკლ ნიენბერი და სტეფანი ბეიკერი