LIVE

რუსეთმა Gazprom-ის ევროპულ და ამერიკულ ერთეულებს სანქციები დაუწესა

12 მაი 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 557
რუსეთმა Gazprom-ის ევროპულ და ამერიკულ ერთეულებს სანქციები დაუწესა

დასავლეთის ქვეყნების რეაქციის საპასუხოდ, მოსკოვმა ევროპაში გაზის ტრანზიტის განმახორციელებელ კომპანიებს სანქციები დაუწესა. რუსეთის მთავრობის ვებსაიტზე სანქცირებული კომპანიების სია გამოქვეყნდა. მათი უმეტესობა ევროკავშირის წევრია. 

რუსეთის მიერ სანქცირებულია Gazprom Germania და გერმანიის ენერგეტიკული მარეგულირებლის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიის სხვადასხვა შვილობილი კომპანია.

სიაში შედის ლონდონში მოქმედი კომპანია Gazprom Marketing & Trading, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეარყიოს LNG ბაზრები, რადგან ამან შეიძლება ტრეიდერს გრძელვადიანი კონტრაქტით გათვალისწინებული რუსული ტვირთების მიღებაში ხელი შეუშალოს. რუსული მედიის ინფორმაციით, გერმანიაში Gazprom-ი და მისი შვილობილი კომპანიები რუსეთიდან გაზს აღარ იღებენ.

სანქცირებული ერთეულების სიაში ასევე შედის გერმანიის გაზის მიმწოდებელი Wingas.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სპიკერის თქმით, ის მეტ ინფორმაციას ელოდება, თუმცა ამბობს, რომ მომარაგების უსაფრთხოება ამჟამად გარანტირებულია და მუდმივად მოწმდება. 

მოსკოვმა სანქციები დაუწესა "იამალის" მილსადენის პოლონური ნაწილის მფლობელსაც. Gascade მილსადენის ოპერატორის მონაცემებით, "იამალ-ევროპის" მილსადენის გავლით, გერმანიიდან პოლონეთამდე აღმოსავლეთით გაზის ნაკადები გაგრძელდა. 

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის 3 მაისის განკარგულებით, არც ერთ რუსულ სუბიექტს არ აქვს უფლება დადოს გარიგებები სანქციების სიაში მყოფ პირებთან, ან თუნდაც შეასრულოს არსებული გარიგებებით აღებული საკუთარი ვალდებულებები. დადგენილება ცალსახად კრძალავს სიაში მყოფ პირებსა და სუბიექტებზე პროდუქციისა და ნედლეულის ექსპორტს.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, ეს შეეხება მილსადენის პოლონური მფლობელს EuRoPol Gaz-ს, Gazprom Germania-ს და Gazprom Germania-ს 29 შვილობილი კომპანიას შვეიცარიაში, უნგრეთში, ბრიტანეთში, საფრანგეთში, ბულგარეთში, ბენილუქსის რეგიონში, აშშ-ში, შვეიცარიაში, რუმინეთსა და სინგაპურში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელენა მაზნევა