LIVE

მიანმარის არჩეულ ლიდერს, სუ ჩის, ბრალი წაუყენეს

03 თებ 202120:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 450
მიანმარის არჩეულ ლიდერს, სუ ჩის, ბრალი წაუყენეს

მიანმარის ყოფილ ლიდერს, აუნ სან სუ ჩის, საკომუნიკაციო მოწყობილობების უკანონოდ იმპორტისთვის ბრალი წაუყენეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ არაავტორიზებული სატელეკომუნიკაციო მოწყობილობა  მის სახლში, დედაქალაქ ნაიპიტავაში, იპოვეს. 

პარალელურად ბრალი წაუყენეს ყოფილ პრეზიდენტს, ვინ მინს. მას წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბუნებრივი კატასტროფების მართვის კანონის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის თქმით, Covid19-ის შეზღუდვების დარღვევაში გამოიხატება. 

სუ ჩი მოუწოდებს მხარდამჭერებს, წინააღმდეგობა გაუწიონ მიანმარის გენერლებს, რომლებმაც ორშაბათს ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება მას შემდეგ, რაც მტკიცებულებების გარეშე განაცხადეს, რომ ნოემბრის არჩევნების შედეგები გაყალბდა. 

გადატრიალების შედეგად მოსული სამხედროების წინააღმდეგ მომატებული საპროტესტო ტალღის ფონზე, მიანმარელი ექიმები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰოსპიტლების დახურვით იმუქრებიან. 

დემოკრატი აქტივისტების მიერ წამოწყებულმა “სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობამ”, რომელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსაც მოიცავს, განაცხადა რომ 70-მდე ჰოსპიტალი და სამედიცინო პუნქტი “არალეგიტიმური” მთავრობის მიმართ პროტესტის ნიშნად  მუშაობას შეწყვეტს.

გადატრიალების საპოტესტოდ, მიანმარის კომერციულ დედაქალაქ იანგონში, კანონმდებლების ინიციატივით, საყვირების აქცია გაიმართა. მსგავსი ღონისძიებების გამართვას ისინი ყოველდღიურად გეგმავენ და აპირებენ კამპანიური სულისკვეთება სხვა დიდ ქალაქებშიც გააღვივონ.

ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი აუნ სან სუ ჩი მაღალი თანამდებობის სხვა პირებთან და სამხედრო პერსონალთან ერთად ორშაბათს დააკავეს. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ერთი წლით გამოცხადდა.

ქვეყანა, სადაც ჯამში კორონავირუსის 140 000-მდე შემთხვევაა გამოვლენილი, მზად იყო ვაქცინაციის პროცესისთვის და 11 თებერვალს ინდოეთიდან 2 მილიონი დოზის, ამ თვის ბოლოს კი Covax პლატფპორმიდან, დამატებით, 4.2 მილიონი დოზის მისაღებად ემზადებოდა. 

თუმცა, ეპიდემიოლოგების ვარაუდით, სამედიცინო დაწესებულებების დახურვამ და ექიმების გაფიცვამ., შესაძლოა, ამ მხრივ პრობლემები გამოიწვიოს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ხინე ლინ კიაუ და ფილიპ ჰეიმანსი