LIVE

2021 წელს საქართველოში შემოსული უცხოური ინვესტიციები 2-ჯერ გაიზარდა - საქსტატი

11 მარ 202211:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 1758

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 მლრდ 152 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 14%-ით ჩამორჩება, 2020 წლის დაზუსტებულ მონაცემებს კი ორჯერ აღემატება.

2021 წელს ზრდა განპირობებული იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის გაზრდით.

ინვესტიციების უდიდესი წილი კვლავ რეინვესტიციაზე მოდის. კერძოდ, 2021 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 66% შეადგინა.

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2021 წლის წინასწარი მონაცემებით, 69.8% იყო.

გასულ წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია: პირველი პოზიცია დაიკავა გაერთიანებულმა სამეფომ - 596.6 მლნ აშშ დოლარით, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 51.8%-ს შეადგენდა, მეორე ადგილზე იყო ნიდერლანდები 125.9 მლნ აშშ დოლარით (10.9%), ხოლო მესამეზე - ჩეხეთი 81.8 მლნ აშშ დოლარით (7.1 %). შემდეგ მოდის: თურქეთი, რუსეთი, ლუქსემბურგი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, გერმანია, მარშალის კ-ები და სეიშელები. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 72.1% შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 443.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 38.5%-ია. მეორე ადგილზეა გართობის, დასვენებისა და სხვა სახის მომსახურების სექტორი 230.5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ენერგეტიკის სექტორი 157 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდის ისეთი სექტორები, როგორიცაა: დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავი ქონება, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, თევზჭერა, სასტუმროები და რესტორნები, ასევე ტრანსპორტი.