ევროკავშირის დროებითი შეთანხმების საფუძველზე, ევროკავშირში მხოლოდ USB-C დამტენზე მომუშავე ტელეფონები და ტაბლეტები გაიყიდება.
გეგმა, რომელიც გასულ წელს გამოქვეყნდა, დღეს დამტკიცდა. ევროკომისიის მონაცემებით, გადაწყვეტილება მომხმარებლებს ყოველწლიურად დაახლოებით $267 მილიონის დაზოგვაში დაეხმარება. შეთანხმებას ახლა ევროპარლამენტისა და ევროკავშირის 27 ქვეყნის ხელმოწერა სჭირდება.
ტელეფონებისა და ტაბლეტების მწარმოებლებს ამ გადაწყვეტილებასთან ადაპტირება 2024 წლის შემოდგომისთვის მოუწევთ. ლეპტოპების შემთხვევაში, ახალ წესზე გადასასვლელად მეტი დრო გამოიყოფა. ლეპტოპების მწარმოებლებთან მოლაპარაკებებისთვის საორიენტაციო ვადად ახალი წესის ამოქმედებიდან 40 თვე სახელდება.
"ევროპელი მომხმარებლები შეძლებენ ერთი დამტენი გამოიყენონ ყველა პორტატიული ელექტრონული მოწყობილობისთვის. ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია მოწყობილობების გამოყენების გამარტივებისა და ნარჩენების შესამცირებლად", - ამბობს შიდა ბაზრის კომისარი ტიერი ბრეტონი, რომელიც უნივერსალური დამტენის გამოყენებას "საღ აზრს" უწოდებს.
ინიციატივამ თავდაპირველად გაანაწყენა Apple, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ხელს შეუშლის ინოვაციების განვითარებას. კომპანია ამჟამად ტესტავს iPhone-ის ახალ მოდელებს, რომლებშიც Lightning-ის დამტენი პორტი უფრო ფართოდ გავრცელებული USB-C კონექტორით ჩანაცვლდება. Apple-ის ლეპტოპის ამჟამინდელ მოდელებზე USB-C დამტენი უკვე გამოიყენება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯილიან დოიჩი