ევროკომისიის ინიციატივით, მობილური ტელეფონების მწარმოებლები იძულებული გახდებიან, შექმნან ტელეფონებისა და მცირე ელექტრონული მოწყობილობების უნივერსალური დამტენები. ახალი რეგულაციის მიზანი ნარჩენების შემცირებაა. ახალი წესი მომხმარებლებს უბიძგებს, გამოიყენონ არსებული დამტენები მოწყობილობების შეძენისას.
ინიციატივის თანახმად, ევროკავშირში გაყიდულ ყველა სმარტფონს უნდა ჰქონდეს USB-C დამტენები. შედეგად, Apple-ს შესაძლოა iPhone-ების რედიზაინი დასჭირდეს.
შემოთავაზებული წესები გავრცელდება:
- სმარტფონებზე;
- ტაბლეტებზე;
- კამერებზე;
- ყურსასმენებზე;
- პორტატული დინამიკებზე;
- ვიდეოთამაშების კონსოლებზე;
“უფრო და უფრო მეტი მოწყობილობით, სულ უფრო და უფრო მეტი დამტენი იყიდება, რომლებიც არ არის საჭირო”, - თქვა ტიერი ბრეტონმა, ევროკავშირის ინდუსტრიის ხელმძღვანელმა.
Apple ევროკომისიის იდეას დაუპირისპირდა და თქვა, რომ ის საფრთხეს უქმნის ინოვაციებს, რომლებსაც შეუძლიათ უფრო ენერგოეფექტური პროდუქტების ბაზარზე შემოტანა.
“შეშფოთებულნი ვართ, რომ მკაცრი რეგულაცია ჩაახშობს ინოვაციას წახალისების ნაცვლად, რაც, თავის მხრივ, ზიანს მიაყენებს მომხმარებლებს ევროპასა და მთელს მსოფლიოში” - განაცხადა კომპანიამ. Apple ასევე აცხადებს, რომ “ზრუნავს მომხმარებელთა გამოცდილებაზე” და იზიარებს კომისიის “ვალდებულებას, დაიცვას გარემო”.
IPhone-მა 2020 წელს შეფუთვიდან ნარჩენების შესამცირებლად ადაპტერების ამოღება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია იყენებს USB-C ზოგიერთ მოწყობილობას, მას აქვს საკუთარი Lightning კაბელი და მაგნიტური დამტენები iPhone-ებისთვის და ზოგიერთი აქსესუარისთვის.
ევროკავშირის თქმით, ხალხი ყოველწლიურად დაახლოებით 2.4 მილიარდ ევროს ხარჯავს დამოუკიდებელ დამტენებზე. ევროკავშირში ყოველწლიურად 11,000 ტონა დამტენი იყრება, მათი ნაწილი გამოუყენებელია.
წესები შეიძლება ამოქმედდეს ორი წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც წინადადებაზე ევროკავშირის კანონმდებლები და მთავრობები შეთანხმდებიან.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აიოფი უაითი