LIVE

თორნიკე რიჟვაძე: ოზთურქს საერთოდ არ ვიცნობ

07 ივნ 202214:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1089
თორნიკე რიჟვაძე: ოზთურქს საერთოდ არ ვიცნობ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ დაკავებულ თურქ ბიზნესმენს, გალიფ ოზთურქს არ იცნობს.

აჭარის უმაღლეს საბჭოში სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციის წევრების კითხვის საპასუხოდ, რიჟვაძემ ოზთურქთან კავშირი უარყო.

„რაც შეეხება იმ კონკრეტულ ე.წ. ბიზნესმენს, თუ ვინც არის, ვისაც მე მიკავშირებთ, ოზთურქს, თქვენ რომ ხელის აწევით ელაპარაკებოდით ეგეთ ბიზნესმენებს, ეგ პერიოდი ჩაბარდა წარსულს. მე ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, 31 მაისს გალიფ ოზთურქი ბათუმში დააკავეს. მას პროკურატურამ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაზე წარუდგინა. 2 მაისს თურქ ბიზნესმენს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

აღსანიშნავია, რომ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე თურქმა ბიზნესმენმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს წერილი გაუგზავნა, სადაც პრობლემურ ბიზნესგარემოზე ისაუბრა.

წერილში, რომელიც „ფორმულამ“ მოიპოვა, ოზთურქი აღნიშნავს, რომ კერძო სექტორი ხელოვნურ წინააღმდეგობებს აწყდება, რის ერთ-ერთ მიზეზად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის დამოკიდებულებას ასახელებს.

ოზთურქმა საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო. თურქი ბიზნესმენი ხშირად ჩნდებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე ყოფილ პრემიერებთან გიორგი გახარიასთან, გიორგი კვირიკაშვილთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად.

თურქული მედიის ცნობით, 2018 წელს ოზთურქს თურქეთის სასამართლომ მკვლელობის წაქეზებისთვის პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოში ოზთურქი სწორედ პატიმრობის თავიდან ასაცილებლად გამოიქცა. 

2020 წლის მონაცემებით, გალიფ ოზთურქმა საქართველოში $500 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. თურქი ბიზნესმენის კომპანიები ძირითადად ტურიზმის, ტრანსპორტისა და მშენებლობის ინდუსტრიებში საქმიანობენ. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქტივია ბათუმში მდებარე სასტუმრო “ეიფორია”. ამასთან, გალიფ ოზთურქის სახელს უკავშირდება ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე არსებული უკანონო მშენებლობები.