LIVE

ვინ არის თურქი ბიზნესმენი, რომელიც ბათუმში დააკავეს

31 მაი 202217:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 3605
ვინ არის თურქი ბიზნესმენი, რომელიც ბათუმში დააკავეს

ბათუმში თურქი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი დააკავესსაგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ის დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, ოზთურქის საცხოვრებელ მისამართზე, გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე გამოძიების პროცესში, ჩხრეკის შედეგად, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა, ასევე სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები.

ოზთურქი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, ხშირად ჩნდებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრებთან გიორგი გახარიასთან, გიორგი კვირიკაშვილთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად.

თურქული მედიის ინფორმაციით, 2003 წლის 5 ივლისს გალიფ ოზთურქი თურქეთში მოგებაზე ორიენტირებული კრიმინალური ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით გაასამართლეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს. 2009 წლის აპრილში ის სტამბოლის საფონდო ბირჟაზე (ISE) თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით სასამართლო პროცესის მოლოდინში გაათავისუფლეს. 2012 წლის 29 თებერვალს, ოზთურქი კაპიტალის ბაზარზე მანიპულაციებისა და კოკაინის მოხმარების ბრალდებით იყო დაკავებული. 

2018 წელს, თურქული მედიის ცნობით, ოზთურქს თურქეთის სასამართლომ მკვლელობის წაქეზებისთვის პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოში ოზთურქი სწორედ პატიმრობის თავიდან ასაცილებლად გამოიქცა.

1977 წელს მან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატრანსპორტო კომპანია “მეტრო” დააარსა, რომელიც საქართველოში “მეტრო ატლას ჯორჯიას” სახელით ოპერირებს. 

თურქი ბიზნესმენის კომპანიები ძირითადად ტურიზმის, ტრანსპორტისა და მშენებლობის ინდუსტრიებში საქმიანობენ. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქტივია ბათუმში მდებარე სასტუმრო “ეიფორია”.

2020 წლის მონაცემებით, გალიფ ოზთურქმა საქართველოში $500 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.

2020 წლის თებერვალში ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და გალიფ ოზთურქმა საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია “კამარას“ აქციები შეიძინეს. კომპანიის აქციების 50% დიმიტრი ქუმსიშვილის კომპანიას, შპს “ახალი საინვესტიციო შესაძლებლობებს”, 50% კი გალიფ ოზთურქის კომპანიას, “მეტრო ავრასია ჯორჯიას” ეკუთვნის. 

გალიფ ოზთურქის სახელს უკავშირდება ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე არსებული უკანონო მშენებლობები, რომელიც თავის მხრივ “მეტრო ჰოლდინგის” შვილობილ კომპანიებს უკავშირდება. ტერიტორია, სადაც მშენებლობებია, სწორედ ამ კომპანიების საკუთრებაა.

გავრცელებული ინფორმაციით, გალიფ ოზთურქი საქართველოში სუროგაციის ბიზნესითაც არის დაკავებული. 2021 წლისთვის, მას და კრისტინა ოზთურქს 14 შვილი ჰყავდათ. თუმცა, მედიაში ისმოდა ბრალდებები შესაძლო ტრეფიკინგთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.