LIVE

რუსეთი აშშ-ის მედიის ხელმძღვანელებს “მკაცრი ზომების” შესახებ აფრთხილებს

04 ივნ 202211:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 5184
რუსეთი აშშ-ის მედიის ხელმძღვანელებს “მკაცრი ზომების” შესახებ აფრთხილებს
Kirill Kudryavtsev/AFP/Getty Images

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მედიის ხელმძღვანელებს მოსკოვში შეხვედრაზე იბარებს, რათა რუსული მედიის მიმართ აშშ-ის შეზღუდვების საპასუხოდ მკაცრი ზომების შესახებ აცნობონ.

“თუ რუსული მედიის - ოპერატორების და ჟურნალისტების - მუშაობა შეერთებულ შტატებში არ ნორმალიზდება, ამას აუცილებლად მოჰყვება ყველაზე მკაცრი ზომები. ამ მიზნით, 6 ივნისს, ამერიკული მედიის მოსკოვის ოფისების ხელმძღვანელები მოწვეულნი იქნებიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში, რათა აუხსნან მათ, რა შედეგები მოჰყვება ამერიკის ხელისუფლების მტრულ ხაზს მედია სფეროში”, - განაცხადა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ.

“კრემლი ახორციელებს სრულ შეტევას მედიის თავისუფლებაზე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და სიმართლეზე”, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა. 

კრემლი დასავლეთის ქვეყნებს რუსულ მედიაზე უსამართლო შეზღუდვების დაწესებაში ადანაშაულებს.

ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა ზოგიერთ რუსულ სახელმწიფო ტელეარხს, უკრაინაში ომის მხარდაჭერისა და დეზინფორმაციის გავრცელების გამო.

გასულ თვეში, დუმამ მიიღო კანონი, რომელიც აძლევს პროკურორებს უფლებამოსილებას, დახურონ უცხოური მედიის ბიუროები მოსკოვში, თუ დასავლური ქვეყანა რუსული მედიის მიმართ “არამეგობრულია”.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი მედიის მიერ კონფლიქტის ობიექტურ გაშუქებას კრძალავს და 15 წლით თავისუფლების აღკვეთით ემუქრებათ ჟურნალისტებს, რომლებიც მიზანმიმართულად ავრცელებენ “ყალბ” ამბებს უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” შესახებ.

კანონმა აიძულა ზოგიერთი დასავლური მედიასაშუალება, გამოეწვია  ჟურნალისტები რუსეთიდან. სხვა დასავლური ორგანიზაციები, მათ შორის Reuters-ი, ქვეყანაში დარჩნენ და აგრძელებენ მუშაობას.