LIVE

რუსეთის ეკონომიკა მკვეთრი შემცირებისკენ მიემართება

26 მაი 202214:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 671
რუსეთის ეკონომიკა მკვეთრი შემცირებისკენ მიემართება

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ერთ თვეში მესამედ შეამცირა. ბანკის განცხადებით, სესხის აღების ხარჯები შეიძლება კიდევ შემცირდეს.

კერძოდ, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რიგგარეშე შეხვედრაზე განაკვეთი 14%-დან 11%-მდე შეამცირა. განცხადების შემდეგ რუბლმა გაუფასურების ტენდენცია შეინარჩუნა, ვალუტა მეორე დღეა შესუსტებას განაგრძობს.

ინფლაციის მოსალოდნელზე სწრაფი შენელებით წახალისებული გადაწყვეტილება აჩვენებს ცენტრალური ბანკის შემართებას ხელი შეუშალოს რუბლის მკვეთრ გამყარებას მაშინაც კი, როცა კაპიტალის კონტროლი ბაზრის შეზღუდვას განაგრძობს.

მიუხედავად სანქციებისა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა, მზარდმა ექსპორტმა და კაპიტალის კონტროლის ზომებმა უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა შეამცირა, რამაც რუბლი 2018 წლის შემდეგ უმაღლეს დონემდე გაამყარა. ვალუტის გამყარების წინააღმდეგ ხელისუფლების ძალისხმევა, რაც კაპიტალის კონტროლის ძირითადი ზომების შემსუბუქებასაც მოიცავს, ჯერჯერობით დიდად არ მოქმედებს.

მონეტარული შემსუბუქების მოლოდინში, რუბლი მკვეთრად შესუსტდა ოთხშაბათს. მოსკოვში დილის 10:54 საათისთვის ის დოლართან მიმართებით 2,6%-ით დაეცა.

ცენტრალურ ბანკს ასევე სურს ხელი შეუწყოს ეკონომიკას, რომელიც მკვეთრი შემცირების გზაზეა.

თუმცა, რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტი სანქციებისგან ძირითადად თავისუფალია და ქვეყანაში ყოველკვირეულად მილიარდობით დოლარისა და ევროს შედინებას უზრუნველყოფს. ამავდროულად, იმპორტის შემცირებამ და თანხების საზღვარგარეთ გაგზავნის შეზღუდვამ მთლიანად გაანადგურა მოთხოვნა მყარ ვალუტაზე.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გასულ თვეს განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკის 8%-დან 10%-მდე შემცირებას ელოდება. 

ასევე, რუსეთის ფინანსთა სამინისტროს შიდა პროგნოზის თანახმად, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთის მშპ შესაძლოა 12%-ით შემცირდეს, რაც გასული 30 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება იქნება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია