LIVE

რა ბედი ეწია ბანკირს, რომელიც Credit Suisse-ს რუსი მაგნატებისგან მილიარდების შოვნაში დაეხმარა

30 მაი 202210:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1561
რა ბედი ეწია ბანკირს, რომელიც Credit Suisse-ს რუსი მაგნატებისგან მილიარდების შოვნაში დაეხმარა
Kagan McLeod

მსოფლიოში უდიდესი სუპერ იახტა Dilbar, რომელიც რუსი მილიარდერის, ალიშერ უსმანოვის დაკვეთით დამზადდა, $600 მილიონზე მეტი ღირებულებისაა. ეს 512-ფუტის სიმაღლის გიგანტი Credit Suisse-ს $300 მილიონიანი სესხიდან დაფინანსდა, რომელიც, თავის მხრივ, ბაბაკ დასტმალცჩის დამსახურებაა - კაცის, რომელიც 20 წელია უმდიდრესი რუსების ბანკირად მუშაობს. 

62 წლის კაცმა მოახერხა, რომ Credit Suisse-სთვის ხელსაყრელი ნიშა მოეპოვებინა: თავის ზენიტში, შვეიცარიულმა ბანკმა შეძლო, რომ რუსებისგან მიეღო $60 მილიარდზე მეტი, რომელსაც რეგულარულად ყოველწლიურად $500-$600 მილიონის შემოსავალი ახლდა. როგორც მასთან დაახლოებული პირები ამბობენ, უსმანოვის გარდა, დასტმალცჩიმ იმუშავა რომან აბრამოვიჩთან, ვიქტორ ვექსელბერგთან, ოლეგ დერიპასკასთან, ანდრეი მელნიჩენკოსთან და მიხაილ ფრიდმანთან.

იმასაც ამბობენ, რომ Credit Suisse-ს, რუსულ ელიტაში მჭიდრო კავშირების გავლით, პროაქტიული მიდგომა აქვს მდიდარი რუსების მიმართ. მაგრამ ეს გრძელვადიანად მომგებიანი პერსპექტივა მოულოდნელად საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა, უსმანოვისა და სხვა მდიდარი რუსებისთვის ეკონომიკურ ფიასკოდ გადაიქცა. ბევრი მათგანი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან სანქციების ქვეშ აღმოჩნდა და უამრავი აქტივი, მათ შორის საფეხბურთო კლუბები და ფეშენებელური იახტები - ჩამოერთვათ.

როგორც აღმოჩნდა, ამან საგრძნობი დარტყმა მიაყენა Credit Suisse-ს, რომელიც ცდილობს გაუმკლავდეს იმ სკანდალების შედეგს, რამაც მილიონობით დოლარის ფინანსური დანაკარგი და რეპუტაციული ზარალი მოუტანა.

Credit Suisse არ არის ერთადერთი ბანკი, რომელიც ბიზნესს მდიდარ რუსებზე აწყობდა, მაგრამ ის სხვებისგან თავისი ზომით ნამდვილად გამოირჩევა. მის მმართველობაში მყოფი კერძო ქონების დაახლოებით $33 მილიარდი მდიდარ რუსებს ეკუთვნის, რაც 50%-ით მეტია UBS Group-ზე, მიუხედავად იმისა, რომ მის კონკურენტს უფრო დიდი მოცულობის საერთო სიმდიდრის ბიზნესი აქვს.

Credit Suisse რუსულ ბაზარზე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მალევე შევიდა, რითაც რუსი ოლიგარქების მცირე ჯგუფს იმ დროისთვის ქაოსურ სამყაროში ქონების დაგროვებაში დაეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ფირმებსაც ჰყავთ მდიდარ რუსებთან მომუშავე ბანკირები, დასტმალცჩიმ თავი გამოიჩინა როგორც რეგიონში კლიენტებისთვის ყველაზე მოხერხებულმა პრობლემების მომგვარებელმა. 

ის წლების მანძილზე მეგობრობდა უსმანოვთან, ეხმარებოდა რა უზბეკ-რუს მაგნატს თავისი ფართო ჰოლდინგების დაფინანსებაში, რაც მოიცავდა ხომალდ Airbus A340-ს, რომელიც ჩვეულებრივ 300 მგზავრს იტევს, საკუთრების გლობალურ პორტფელს და უახლოეს დრომდე ლონდონის საფეხბურთო კლუბ არსენალის უდიდეს აქტივებს. 

Credit Suisse ამბობს, რომ თაღლითობაში ბრალდებული მისი ყოფილი ბანკირი პატრიკ ლესკოდრონი მარტო მოქმედებდა. დასტმალცჩი, რომლის შესახებაც არასდროს გაჩენილა ეჭვი, რომ მისი თანამზრახველი იყო, ფრანგი ბანკირის კლიენტებს მეთვალყურეობაში დაეხმარა. ბოლო თვეებში ის ივანიშვილის საქმეზე პროკურატურამ ორჯერ დაკითხა.  

უფროსი ბანკირი მარტში ბერმუდაში გამოტანილ გადაწყვეტილებაში გააკრიტიკეს იმის გამო, რომ არ გაამჟღავნა ლესკოდრონის ადრეული მოქმედების შესახებ მისთვის ცნობილი ინფორმაცია. 

ბერმუდის მოსამართლემ შეაფასა ივანიშვილის ზარალი $550 მილიონზე მეტად და დაადგინა, რომ დამზღვევმა კომპანიამ "თვალი დახუჭა" თაღლითი ბანკირის საქციელზე.  

რეგიონთან დასტმალცჩის ღრმა კავშირმა იგი ჟენევის პროკურორების მიერ გამოძიებამდე მიიყვანა - უნდა დაეკისროს თუ არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა Credit Suisse-ს თაღლითობაზე, რომელიც მისმა ყოფილმა გამორჩეულმა ბანკირმა პატრის ლესკოდრონმა ჩაიდინა და რომელთანაც ბევრი რუს კლიენტია დაკავშირებული.  

საკითხში გარკვეული პირების თქმით, ლესკოდრონის საქმის ჟენევის სასამართლოში გაგრძელება და  ჩვენების მისაცემად დასტმალცჩის გამოძახება რეალურია.   

Credit Suisse-ის განცხადებით, არც ლესკოდრონის წინააღმდეგ სისხლის სამართალწარმოება და არც სხვა გამოძიება ჯერჯერობით არ ავლენს რაიმე ფაქტს, რომელიც ბანკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საჩივრებს გამოიწვევს.  

ასე რომ, რუსული ბიზნესის დაშლა არ არის ერთადერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლება, რომელიც ბანკირს ეხება. 

და რა ბედი ეწია კაცს, რომელიც რუტინულად უპასუხებდა ოლიგარქების სატელეფონო ზარებს? სანქციები უზღუდავს გააგრძელოს ბიზნესი უსმანოვთან და მისნაირებთან. ბოლო 10 წლის მანძილზე, მას მთელი ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნების ტოპ კლიენტებთან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა და იმ ელიტურ ჯგუფს უდგას სათავეში, რასაც Credit Suisse "მაღალი წმინდა ღირებულების კლიენტებს" უწოდებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჰუგო მილერი და მარიონ ჰალფტერმაიერი