LIVE

პირველ კვარტალში ევროზონის ეკონომიკა 0.3%-ით გაიზარდა

17 მაი 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 631
პირველ კვარტალში ევროზონის ეკონომიკა 0.3%-ით გაიზარდა
Imke Lass/Bloomberg

ევროზონის ეკონომიკა იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე ეს მიმდინარე წლის დასაწყისში იყო მოსალოდნელი.  

ევროსტატის დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, პირველ კვარტალში  0.2%-ის ნაცვლად, 0.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში დასაქმება 0.5%-ით გაიზარდა.

პანდემიის პერიოდში შეჩერებული მოთხოვნისა და დანაზოგების ხარჯზე მომხმარებლები რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგების გამკლავებას ახერხებენ. მიუხედავად ამისა, კონფლიქტმა სასიცოცხლოდ აუცილებელ ხარჯებთან დაკავშირებული შეშფოთება გამოიწვია, გაიზარდა ენერგიის ფასები, ინფლაციამ კი რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 

ევროკომისიამ მიმდინარე კვირაში ევროზონის 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4%-დან 2.7%-მდე შეამცირა. პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია შრომის ბაზრის გაუმჯობესების შენარჩუნება. ბლოკში დასაქმების მაჩვენებელი ზედიზედ ოთხი კვარტლის განმავლობაში იზრდება. 

ევროზონის პერსპექტივა კვლავ ძალიან ბუნდოვანია, რასაც ნაწილობრივ რუსეთის მიერ ბუნებრივი აირის შესაძლო შეჩერება განაპირობებს. ევროკომისიის პროგნოზის მიხედვით, რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხებისა და ფასების კიდევ უფრო სწრაფად ზრდის შემთხვევაში, ევროზონის პოსტ-პანდემიური აღდგენა თითქმის სრულად შეწყდება.

ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ფაბიო პანეტამ მიმდინარე თვეში განაცხადა, რომ ეკონომიკა "დე ფაქტო სტაგნაციას" განიცდის, რაც პირველი კვარტლის მონაცემების გაცნობამდე, ცენტრალურ ბანკებს შემდგომი ნაბიჯების გადაწყვეტაში ხელს უშლის. 

ECB-ში უფრო და უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს ინფლაციის საპასუხოდ ივლისში საპროცენტო განაკვეთების ზრდას. ინფლაცია  2%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს თითქმის ოთხჯერ აღემატება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექსანდრ ვებერი