ევროკომისიის პროგნოზის მიხედვით, რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხებისა და ფასების კიდევ უფრო სწრაფად ზრდის შემთხვევაში, ევროზონის პოსტ-პანდემიური აღდგენა თითქმის სრულად შეწყდება.
პესიმისტური სცენარის მიხედვით, ბლოკის ეკონომიკა მიმდინარე წელს დაახლოებით 0.2%-ით გაიზრდება, ხოლო ინფლაცია 9%-ს გადააჭარბებს. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს პროგნოზით, 2023-ში ეკონომიკური ზრდა საბაზისო ნიშნულზე ერთი პროცენტული პუნქტით დაბალი იქნება.
პროგნოზში, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველია, ევროკავშირმა ასევე შეამცირა საბაზისო სცენარის მაჩვენებლები. ბლოკი ვარაუდობს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე წელს 2.7%-ით გაიზრდება, ხოლო 2023 წელს 2.3%-ით. თებერვალში იგივე პროგნოზი თითოეულისთვის 4%-ს და 2.7%-ს შეადგენდა.
გადახედილი პროგნოზების მიხედვით, გერმანია, კონტინენტის უმსხვილესი ეკონომიკა, პრე-კრიზისულ წარმოებას 2022 წლის ბოლო კვარტლამდე ვერ დაუბრუნდება. ესპანეთს კი 2023 წლის მესამე კვარტლამდე მოუწევს ლოდინი.
სიტუაცია უარესდება ფასები მხრივაც: ევროზონის ინფლაცია მიმდინარე წელს 6.1%-ს მიაღწევს, ხოლო შემდეგ წელს 2.7%-ს. ეს შედარებით წინა პროგნოზთან, რომელიც თითოეულისთვის 3.5%-ს და 1.7%-ს შეადგენდა. პიკი მიმდინარე კვარტალშია მოსალოდნელი.
რუსეთის ომმა და მის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ასევე გააუარესა გლობალური ეკონომიკის პროგნოზებიც. განვითარებულმა მოვლენებმა ხელი შეუწყო ენერგიის ფასების მკვეთრ ზრდას და კიდევ უფრო დაამძიმა მიწოდების ჯაჭვები, რომლებიც პანდემიის გამო ისედაც შეზღუდვებით ფუნქციონირებდა. ევროზონა ომის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაზარალებული რეგიონია რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულებისა და კონფლიქტთან სიახლოვის გამო.
ბოლო კვირების განმავლობაში უფასურდება ევროც. აშშ-ის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე, აშშ დოლარი და ევრო გათანაბრებასთან ახლოს არიან. ეს ბლოკის ინფლაციის პრობლემას კიდევ უფრო აუარესებს, რადგან ევროკავშირში ენერგიის იმპორტი კიდევ უფრო ძვირდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექსანდრ ვებერი