
ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ საწვავის გაიაფება მნიშვნელოვანია და ამ მიზნით განიხილება იაფი წყაროებიდან მომარაგების, ასევე მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფასის დაწევა და მოსახლეობის გაძვირებული საწვავის მაქსიმალურად ხელსაყრელ, იაფ და ხელმისაწვდომ პირობებში მიწოდება, ამაზე ვისაუბრეთ მცირე ქსელების წარმომადგენლებთან. ასევე განვიხილეთ მათი მხრიდან დაყენებული პრობლემები, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის, ვისაუბრეთ მოწოდების ალტერნატიულ წყაროებზე, რომლებიც შეიძლება შედარებით უფრო იაფი იყოს, ასევე ხარისხის საკითხებზე და სანდოობაზე“,- განაცხადა დავითაშვილმა საწვავის დისტრიბუტორ მცირე ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, კომუნიკაცია მიმდინარე კვირაში გაგრძელდება საწვავის უფრო მსხვილი ქსელების წარმომადგენლებთან.
„ასევე ვგეგმავთ მონიტორინგის მასალების გაანალიზებას, რომელიც კონკურენციის სააგენტომ განახორციელა და, საბოლოოდ, იმედი გაქვს, რომ მაქსიმალური კოორდინაციით ბაზარზე გვექნება ტრანსფარენტული და კონკურენტული გარემო“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ცნობისთვის, ეკონომიკური გუნდის მინისტრები საწვავთან დაკავშირებით შეხვედრებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით მართავენ. კონკურენციის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, რომელიც ასევე ღარიბაშვილის დავალებით მომზადდა, მსხვილ კომპანიებს, რომელთაც საცალო ბაზრის 60%-მდე უჭირავთ, საწვავზე ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ. როგორც კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, შუალედურმა ანგარიშმა აჩვენა, რომ გლობალურად საწვავის გაიაფებისა და ლარის გამყარების პარალელურად, საქართველოში მარტის ბოლოდან გაიაფებული საწვავის იმპორტი რუსეთიდან ხორციელდებოდა, რაც საწვავის ადგილობრივ ფასზე არ აისახა.