LIVE

რუსეთი ფინეთში ელქტროენერგიის ექსპორტს აჩერებს

14 მაი 202200:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 847
რუსეთი ფინეთში ელქტროენერგიის ექსპორტს აჩერებს

15 მაისიდან რუსეთი ფინეთში ელექტროენერგიის ექსპორტს შეაჩერებს. განცხადება გადამცემი სისტემის ოპერატორმა, Fingrid-მა გააკეთა.

Inter RAO-ს შვილობილი კომპანიის, RAO Nordic-ის თქმით, 6 მაისის შემდეგ გაყიდული მოცულობებისთვის გადასახადები არ მიუღია და ეს პირველი შემთხვევაა 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

“სამწუხაროდ, არსებული ფულადი შემოსავლის ნაკლებობის პირობებში, RAO Nordic-ი ვერ ახერხებს რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიის საფასურის გადახდას. ამიტომ, იძულებული ვართ, 14 მაისიდან შევაჩეროთ ელექტროენერგიის იმპორტი“, - განაცხადა RAO Nordic-მა.

Fingrid-ის თქმით, ფინეთის ენერგომომარაგებას საფრთხე არ ემუქრება და  ბოლო წლებში რუსული იმპორტი ფინეთის მთლიანი მოხმარების მხოლოდ 10%-ს ფარავს.

“რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის ნაკლებობა კომპენსირებული იქნება შვედეთიდან მეტი ელექტროენერგიის იმპორტით და ფინეთში მეტი ელექტროენერგიის გამომუშავებით”,- განაცხადა რეიმა პაივინენმა, Fingrid-ის ენერგეტიკული სისტემის ოპერაციების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა.

ფინეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ფინეთის შესაძლო გაწევრიანება ნატოში “ქვეყნის საგარეო პოლიტიკის რადიკალური ცვლილებაა” და ქვეყანა კონტრზომების შესახებ გააფრთხილა.

“რუსეთი იძულებული იქნება, გადადგას საპასუხო ნაბიჯები, როგორც სამხედრო-ტექნიკური, ასევე სხვა ხასიათის, რათა შეაჩეროს მის ეროვნულ უსაფრთხოებაზე ამ კუთხით წარმოქმნილი საფრთხეები”, - ნათქვამია განცხადებაში.