LIVE

ომმა შესაძლოა უკრაინის ეკონომიკა გაანახევროს და ბიუჯეტის დეფიციტი გაზარდოს

06 მაი 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 3281
ომმა შესაძლოა უკრაინის ეკონომიკა გაანახევროს და ბიუჯეტის დეფიციტი გაზარდოს

მას შემდეგ, რაც უკრაინამ 2021 წელი დაასრულა ისტორიულად მაღალი მთლიანი შიდა პროდუქტით - $195 მილიარდი, მაღალჩინოსნებმა გამოაქვეყნეს ოპტიმისტური პროგნოზები მომავალი წლისთვის. შემდეგ დაიწყო ომი, რომელმაც გაანადგურა ქვეყნის ყველანაირი ეკონომიკური გეგმა.

აპრილის ბოლოსთვის რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს უკრაინის ინფრასტრუქტურის 30%, რამაც ქვეყანას $100 მილიარდის ზარალი მიაყენა. ეკონომიკის მთლიანმა ზარალმა, როგორც პირდაპირმა, ასევე ირიბმა, უკვე $560 მილიარდს გადააჭარბა, განაცხადა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა.

რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ აიძულა ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი, დაეტოვებინა უკრაინა. მცირე და საშუალო ბიზნესის დაახლოებით 60% ამჟამად დახურული ან შეჩერებულია. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2022 წელს უკრაინის ეკონომიკა 45%-ით შემცირდება. 

“ეს უკვე საშინელებაა. ეს ნიშნავს, რომ აღარ გვაქვს ეკონომიკის მესამედი”, - თქვა მარია რეპკომ, ეკონომიკური სტრატეგიის ცენტრის დირექტორის მოადგილემ.

უკრაინის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, წლის ბოლომდე უკრაინაში ინფლაცია შესაძლოა ოთხჯერ გაზარდოს და 15-20%-ს მიაღწიოს. აზოვისა და შავი ზღვების დაბლოკილმა პორტებმა შეაჩერა საზღვაო მიმოსვლა და დაბლოკა ქვეყნის ექსპორტის ნახევარი, ისევე როგორც მარცვლეულის ვაჭრობის 90% უცხო ქვეყნებთან. გერმანიის მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორის, მარტინ ფრიკის თქმით, მაისის დასაწყისში, უკრაინის პორტებში დაახლოებით 4,5 მილიონი ტონა მარცვლეული იყო ჩარჩენილი. 

“ლოგისტიკა განადგურდა. პორტების გავლით მიწოდების ძველი ჯაჭვები არ მუშაობს და უახლოეს მომავალში არ განაახლებს მუშაობას”, - განაცხადა რეპკომ.

მარტში უკრაინამ მხოლოდ $2,7 მილიარდის ღირებულების პროდუქტი გაიტანა ექსპორტზე. იმპორტი ორი მესამედით შემცირდა და 1,6 მილიონი ტონა შეადგინა, რაც $1,8 მილიარდია. ეს გამოწვეულია სამომხმარებლო მოთხოვნის უპრეცედენტო შემცირებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, კრისტალინა გეორგიევას თქმით, რუსეთის შეჭრა უკვე “შოკის ტალღებს აგზავნის მთელ მსოფლიოში”.

მისი თქმით, რუსეთში ომი იქნება გლობალური ზრდის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მიმდინარე და მომავალ წელს. ფონდი შეამცირებს პროგნოზებს 143 ქვეყნისთვის, რომლებიც გლობალური მშპ-ს 86%-ს შეადგენს.

უკრაინის პარლამენტის საფინანსო და გადასახადების კომიტეტის ხელმძღვანელის, დანილ გეტმანცევის თქმით, ომის პირობებში ბიუჯეტის ხარჯები სამჯერ გაიზარდა. თვის ჭრილში ბიუჯეტის დეფიციტი ამჟამად $5-დან $7 მილიარდამდეა, რომლის უმეტესი ნაწილი სამხედრო და სოციალურ დახმარებაზე იხარჯება. ამავდროულად, ბიუჯეტის შემოსავლები 75%-ით დაეცა.

სახელმწიფო საწარმოების მიერ გადახდილი დივიდენდები, რომლებიც ადრე მთელი შემოსავლის 30%-ს უზრუნველყოფდნენ, კლებულობს. ასევე მოსალოდნელია შემოსავლის სხვა ტიპების შემცირება. 

ომის დაწყებამდე უკრაინის ფინანსთა სამინისტრო 2022 წელს გეგმავდა $18 მილიარდის გადასახადის შეგროვებას იმპორტირებულ საქონელზე, $14 მილიარდს დამატებული ღირებულების გადასახადისა და $2,6 მილიარდს აქციზის სახით. ერთთვიანი ტოტალური ომის შემდეგ, ქვეყნის საბაჟოებმა მოახერხეს დაგეგმილი შემოსავლების მხოლოდ მეხუთედის მიღება - $240 მილიონი მოსალოდნელი $1,3 მილიარდის ნაცვლად.

გარდა ამისა, მთავრობამ ბიზნესს საშუალება მისცა, გადასულიყვნენ გამარტივებულ საგადასახადო სისტემაზე და გადაიხადონ ბრუნვის 2% ყველა სხვა გადასახადის, მათ შორის საშემოსავლო გადასახადისა და დღგ-ს ნაცვლად. მარტის შუა რიცხვებში მთავრობამ შეამცირა დღგ საწვავზე 20%-დან 7%-მდე, რათა ფერმერებმა საკმარისის ყიდვა შეძლონ და უზრუნველყონ მნიშვნელოვანი პროდუქტების მიწოდება. 

მთავრობა უკვე გეგმავს გარკვეული გადასახადების აღდგენას. უმაღლესმა რადამ დაარეგისტრირა კანონპროექტი დღგ-ის 20%-მდე გაზრდაზე.

უახლოეს მომავალში ამოქმედდება იმპორტზე გადასახადები, რადგან ეს უკვე უარყოფითად აისახება ადგილობრივ მწარმოებლებზე, რომლებმაც განაახლეს მუშაობა. 

რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს ან დააზიანეს ქვეყნის 500 საუკეთესო კომპანია, რომლებიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 30%-ს შეადგენენ. აპრილის შუა რიცხვებისთვის განადგურებული აქტივების საერთო რაოდენობამ $80 მილიარდს მიაღწია.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა მარტის დეფიციტის დაფარვა 2021 წლის მოგებით, მომავალში დეფიციტის გაზრდის რისკი მაღალია, თქვა დარინა მარჩაკმა, კიევის ეკონომიკის სკოლის საჯარო ფინანსების ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელმა. 

“შემოსავლები კიდევ უფრო შემცირდება. ახლა მთავარი აქცენტი სესხის აღებაზე უნდა გაკეთდეს. თუ დეფიციტი დაიფარება მხოლოდ ეროვნული ვალუტის გამოშვებით და არა უცხოური ტრანშებით, ეს მხოლოდ ინფლაციის ზრდას გამოიწვევს”, - განაცხადა მარჩენკომ. 

დანგრეული ინფრასტრუქტურისა და ქალაქების აღდგენა უკრაინის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამისთვის ქვეყანას $1 ტრილიონამდე დასჭირდება, ამბობს ალექს ნიკოლსკო-რჟევსკი, ამერიკული ლეჰაი უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი. იგი გვთავაზობს რუსული აქტივების გამოყენებას სარეკონსტრუქციო სესხებისთვის გირაოს სახით. ნიკოლსკო-რჟევსკისთვის მთავარი არ არის ის, შეუძლია თუ არა დასავლეთს ერთობლივად ტრილიონ დოლარის გადახდა, არამედ რუსეთის ვალდებულება, გადაიხადოს დანაშაულების ფასი.

უკრაინის მთავრობა ასევე მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყანაში კომპანიებმა გადარჩენა შეძლონ. ამ მიზნით, უკრაინის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა შექმნეს ონლაინ პლატფორმა, რომელიც დაეხმარება ბიზნესს დასავლეთის რეგიონებში გადანაცვლებაში. გეტმანცევის თქმით, 1500 საწარმოდან დაახლოებით 400-მა შეძლო საქმიანობის დასავლეთ უკრაინის რეგიონებში გადატანა. 

“ჩვენ ვიბრძვით მშპ-ს ყოველი მეასედისა და  ყოველი მეათასედისთვის, რომელსაც ახლა ვკარგავთ” - თქვა მან.