LIVE

სხვა პროდუქტებთან შედარებით, საქართველოში პურის ფასები არ იკბინება - მალხაზ დოლიძე

13 მაი 202215:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1220
სხვა პროდუქტებთან შედარებით, საქართველოში პურის ფასები არ იკბინება - მალხაზ დოლიძე

საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, თუ ფქვილის ფასი შენარჩუნდება, საქართველოში პური არ გაძვირდება.

„პურის ფასი ძირითადად ფქვილის ღირებულებაზეა დამოკიდებული. თუ ფქვილის ფასები არ შეიცვალა, პურზე არსებული ფასი შენარჩუნდება. 

მოდით გულახდილად ვთქვათ, სხვა პროდუქტებთან შედარებით, საქართველოში პურის ფასები არ იკბინება. თუ მთლიანად რეგიონს ავიღებთ, რუსეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოში პურის ფასი ყველაზე დაბალია“, - განუცხადა მალხაზ დოლიძემ "ბიზნეს ფორმულას".

როგორც დოლიძე განმარტავს, ხორბლის გაძვირების ფონზე საქართველო ფქვილის იმპორტზე გადაერთო. მისი თქმით, რუსული ფქვილი საქართველოში წარმოებულზე იაფია და ქვეყანაში იმპორტირებული ფქვილის თითქმის 85% სწორედ რუსეთიდან შემოდის.

„საქართველოში ძირითადად რუსული ფქვილი შემოდის. მეზობელია, ამას ვერ გავექცევით. ყოველგვარი პოლიტიკა გადავდოთ და პრაგმატულად რომ ვთქვათ, ასეა.

მსოფლიოში ხორბალი ძალიან გაძვირდა. ფქვილი, რომელიც რუსეთიდან შემოდის ჩვენი მეპურეებისთვის შედარებით ხელმისაწვდომია. ამიტომაც, პურის ფასი ბოლო პერიოდში მხოლოდ 10 თეთრით გაიზარდა. ქართული ფქვილი ძვირი ჯდება, ერთი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი 80 ლარია. რუსეთიდან შემოტანილის ფასი კი 75 ლარს შეადგენს“, - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

აღსანიშნავია, რომ პურის მწარმოებლებისგან განსხვავებით, ხორბლის იმპორტიდან ფქვილზე გადართვამ პრობლემა შეუქმნა ადგილობრივ წისქვილკომბინატებს. „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, რომ წისქვილები გაჩერებულია და საქართველოში ხორბლის 10 დღის მარაგია დარჩენილი. საკითხის გადასაჭრელად ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, აპრილში პური და პურპროდუქტების წლიურ ჭრილში 28.8%-ით გაძვირდა.