LIVE

Beeline-ის 100%-იანი წილის მფლობელი ხვიჩა მაქაცარია ხდება

05 მაი 202216:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 2100

კომპანია Beeline-ის (VEON Georgia) 100%-იანი წილის მფლობელი ხვიჩა მაქაცარია ხდება. შესაბამის ტრანზაქციაზე თანხმობა კომუნიკაციების კომისიამ უკვე გასცა და მის დასასრულებლად მხარეებს 6 თვიანი ვადა მისცა.

კომისია მიიჩნევს, რომ ტრანზაქცია ბაზარზე კონკურენციას არ შეზღუდავს.

ხვიჩა მაქაცარიას კომისიისგან კვლავ დავალებული აქვს „კავკასუს ონლაინის“ 100%-იანი წილის დაბრუნება, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ კომპანიას დროებითი მმართველი ჰყავს, კომისიის წევრები მიიჩნევენ, რომ მის მიერ "ვიონის" შეძენა ბაზარზე გავლენას არ იქონიებს.

თუკი აზერბაიჯანულ NEQSOL-ზე გასხვისებული "კავკასუს ონლაინი" ხვიჩა მაქაცარიას დაუბრუნდება, კომისია საკითხზე ხელახალ მოკვლევას დაიწყებს.

კომპანია „ვიონი საქართველოს“ წილები დღეს შემდეგნაირად ნაწილდება: 71%-ს ვოთერთრაილ ინდასტრიზი ფლობს, ხოლო 29%-ს „ინვესტიკო ალიანსე“.

კომუნიკაციების კომისიას „ვიონი საქართველომ“ ხვიჩა მაქაცარიას მიერ „ვიონ ჯეორჯია ჰოლდინგს B.V“-სგან „ვოთერთრაილ ინდასტრიზისა“ და „ინვესტიკო ალიანსეს“ 100-100%-იანი წილების შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით 2022 წლის 4 აპრილს მიმართა.

ცნობისთვის, „ვიონი ჯგუფის” აქციების 47.9% სანქცირებული რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის დაფუძნებული კომპანია LetterOne-ის საკუთრებაშია.

ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია ჰოლდინგური კომპანია „სიბიეს ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. ჰოლდინგი აერთიანებს ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორიცაა „თბილისი ენერჯი“, „ვეონ-საქართველო", „საქართველოს ეროვნული ლატარია“, „ჯიესენი“, „თბილისის მიკროავტობუსი“, „რკინიგზის ტელეკომი“ და სხვა.

ხვიჩა მაქაცარია ფლობს წილებს სხვადასხვა კომპანიაში. მათ შორის: შპს “თბილისი მოლი“ - 26%, “გლობალ უთილითი სოლუშენს“ - 50%, “ჯორჯიან ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ“- 65%, შპს "ემ კა ენერჯი" - 100%, “მელისა გრუპი“ - 75%, “ბლექ სი ჰოტელს გრუპ“ - 55% და სხვა.

2020 წელს ხვიჩა მაქაცარია "თელასის" მეწილე გახდა. კერძოდ, მის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ, "ბესტ ენერჯი გრუფმა" 32 380 383 ლარად შეიძინა “თელასის” 24.5%-იანი წილი. 

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა მაქაცარიას სახელს უკავშირდება "კავკასუს ონლაინის" აზერბაიჯანულ კომპანია NEQSOL-ზე გასხვისება, რასაც კომუნიკაციების კომისია უკანონოს უწოდებს. კერძოდ, თავდაპირველად 2019 წელს ხვიჩა მაქაცარიამ, რომელიც Caucasus Online-ის 100%-იან წილს ფლობდა, 49% აზერბაიჯანის მოქალაქეს, ნასიმ ჰასანოვს მიყიდა, ხოლო გასულ წელს დარჩენილი 51%-იც გაასხვისა.