LIVE

„კავკასუს ონლაინს“ ახალი სპეციალური მმართველი ჰყავს

29 ივლ 202117:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 1110
„კავკასუს ონლაინს“ ახალი სპეციალური მმართველი ჰყავს

დღეიდან „კავკასუს ონლაინს“ ახალი სპეციალური მმართველი ჰყავს. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიაში სპეციალური მმართველის პოზიციაზე თამთა ტეფნაძე დაინიშნა, რომელმაც თამარ ბოკუჩავა შეცვალა.

კომისიის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ ბოკუჩავას პირადი განცხადების საფუძველზე მიიღო, რომელმაც სპეციალური მმართველის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა. 

„კავკასუს ონლაინის“ ახალი სპეციალური მმართველი საერთაშორისო სამართლის იურისტია და კომუნიკაციების სფეროში მუშაობის ხუთ წლიანი გამოცდილება აქვს. თამთა ტეფნაძე 2014 წლიდან 2019 წლამდე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის პოზიციას იკავებდა. მისი 14 წლიანი სამუშაო გამოცდილება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს მოიცავს. ტეფნაძე იყო დირექტორის სამართლებრივი ასისტენტი, იურიდიულ ბიუროში "არიესი" და კომპანია "ონეი ინთერნეიშენალ ექსპორტში", იურიდიულ საქმიანობას ეწეოდა კომპანია "უჩგენ ჯორჯიაში", იყო „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ სამართლებრივი მრჩეველი, წამყვანი სპეციალისტის პოზიცია ეკავა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში, ასევე ის ხელმძღვანელობდა ონის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, იყო კომპანია "ელექსირი საქართველოს" აღმასრულებელი მენეჯერი და დირექტორი. წლების განმავლობაში, თამთა ტეფნაძეს ტელეკომუნიკაციების მიმართულებით როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

„კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი იმ დრომდე დაინიშნა, ვიდრე კომპანია კანონდარღვევით გასხვისებულ წილებს პირვანდელ მდგომარეობაში არ დააბრუნებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ Neqsol Holding-ი კომპანია „კავკასუს ონლაინის“ 100%-ის მფლობელი კომპანიაა. კომპანიის წილები აზერბაიჯანული ჰოლდინგის მფლობელობაში ისე გადავიდა, რომ კომუნიკაციების კომისია კანონის შესაბამისად წინასწარ გაფრთხილებული არ ყოფილა. „კავკასუს ონლაინი“ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა, რის გამოც მისი ახალი მფლობელი Neqsol Holding-ი თვლის, რომ კომპანიას კომისიის წინასწარ გაფრთხილების ვალდებულება არ ჰქონდა.

Neqsol Holding-ი "კავკასუს ონლაინის“ მფლობელი 2019 წელს გახდა. კომუნიკაციების კომისიისგან ტრანზაქციაზე წინასწარი თანხმობა არ გაცემულა და კომისიამ, წესის დარღვევის გამო, კომპანია არაერთხელ დააჯარიმა და წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა. თუმცა, კომისიას არ წარმოუდგენია არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნეგატიური გავლენა შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ ტრანზაქცია ბაზარზე. გასულ წელს, კომუნიკაციების კომისიამ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, კომპანიას სპეციალური მმართველი დაუნიშნა. კანონს საკმაოდ ნეგატიური და კრიტიკული შეფასება მოჰყვა ვენეციის კომისიისგან.