LIVE

რუსი მილიარდერის, აბრამოვის სუპერ იახტა თურქეთისკენ დიდი სისწრაფით მიიწევს

29 აპრ 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1672
რუსი მილიარდერის, აბრამოვის სუპერ იახტა თურქეთისკენ დიდი სისწრაფით მიიწევს
Bloomberg

რუსი მილიარდერის, ალექსანდრე აბრამოვის $100 მილიონად შეფასებული მეგა იახტა Titan სუეცის არხისკენ უმაღლესი სიჩქარით მიიწევს. მისი სავარაუდო დანიშნულების ადგილი თურქეთის წყლებია. იმის გამო, რომ თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნების სანქციებს არ შეუერთდა, სანქცირებული რუსი მაგნატები ძვირადღირებული იახტების გაჩერებისთვის თურქეთის წყლებს ირჩევენ.  

"წარსული გამოცდილებით, Titan-ის შესაძლო დანიშნულების ადგილი შეიძლება იყოს ეგეოსის ზღვა, თურქეთის საწყისი წერტილი", - ამბობს საზღვაო მონაცემების მეცნიერი ჯერომ ვაისი. 

Titan, რომელიც 14 სტუმარს და ეკიპაჟის 19 წევრს იტევს, სუეცის არხისკენ დუბაისა და მალდივებზე ხანგრძლივი დგომის შემდეგ დაიძრა. 

აბრამოვი, რომლის ქონება დაახლოებით $7,3 მილიარდია და რუსეთის მეორე უმსხვილესი ფოლადის მწარმოებელი კომპანიის Evraz-ის თანადამფუძნებელია, ავსტრალიის მიერაა სანქცირებული. მის წინააღმდეგ სანქციები აშშ-სა და ევროკავშირს ჯერჯერობით არ დაუწესებია.  

Spire-ს მონაცემებით, კრემლთან დაკავშირებული მილიარდერებისა და გავლენიანი პირების წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების შემდეგ, ეგეოსის ზღვაში რუსი ოლიგარქების იახტების 9% გაჩერდა, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, 1%-ით გაზრდილი ციფრია. 

სანქციების ამოქმედების შემდეგ, დაყადაღებულია 10-მდე სუპერ იახტა. გერმანიამ დააკავა რუსი მილიარდერის, ალიშერ უსმანოვის სუპერ იახტა Dilbar, რომლის ღირებულებაც $750 მილიონს შეადგენს. იტალიის ხელისუფლებამ დააკავა რუსი მილიარდერის ანდრეი მელნიჩენკოს კუთვნილი $558-მილიონიანი გემი, ხოლო ესპანეთმა დააყადაღა ვიქტორ ვეკსელბერგის $90 მილიონიანი Tango და $600-მილიონიანი Crescent, რომელიც როგორც ცნობილია, Rosneft Oil-ის ხელმძღვანელს იგორ სეჩინს ეკუთვნის.

ამავდროულად, აშშ-მა დახმარებისთვის მიმართა ფიჯის, რათა მილიარდერ სულეიმან კერიმოვთან დაკავშირებული $325 მილიონიანი Amadea დააყადაღოს. ფიჯის მოსამართლე აშშ-ის ყადაღის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას 3 მაისს მიიღებს.  

თურქეთის მახლობლად არის გაჩერებული აბრამოვიჩის იახტა
Eclipse. მიმდინარე თვეში Titan-ის მსგავსი მარშრუტი გაიარა ოლეგ დერიპასკას სუპერ იახტამ Clio. ის მალდივებიდან სუეცის არხით თურქეთის ორ პორტში შევიდა, შემდეგ კი მდებარეობის ჩვენება შეწყვიტა. 

აბრამოვის იახტის გადაადგილების მარშრუტის ნახვა შესაძლებელია ლინკზე. ვებგვერდზე ასევე განთავსებულია თურქეთის წყლებში მყოფი სხვა გემები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოანა ჰა