LIVE

რუს მილიარდერ ალიშერ უსმანოვს გერმანიაში სუპერიახტა ჩამოართვეს

03 მარ 202210:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 843
რუს მილიარდერ ალიშერ უსმანოვს გერმანიაში სუპერიახტა ჩამოართვეს
Peter Titmuss/UCG/Getty Images

Forbes-ის ცნობით, გერმანიის ხელისუფლებამ რუს მილიარდერ ალიშერ უსმანოვს მოცულობით მსოფლიოში ყველაზე დიდი სუპერიახტა ჩამოართვა. 

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, იახტა 2016 წელს აშენდა და მისი ღირებულება $594 მილიონია.

68 წლის უსმანოვი ფლობს დიდ წილს USM-ში, რუსულ საინვესტიციო ჯგუფში, რომელიც ფლობს Metalloinvest-ს, მსოფლიოში რკინის მადნის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელს და სატელეკომუნიკაციო კომპანია MegaFon-ს. ის არის რიგით მეექვსე უმდიდრესი რუსი $19,5 მილიარდიანი ქონებით. 

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო ევროკავშირმა სანქციები დაამტკიცა რუსეთის ექვსი უმდიდრესი ადამიანის, მათ შორის უსმანოვის წინააღმდეგ, რომელმაც გადაწყვეტილებას “უსამართლო” უწოდა. ევროკავშირის უახლეს სანქციებში დასახელდა კიდევ ხუთი პირი: მიხაილ ფრიდმანი, პეტრ ავენი, ალექსეი მორდაშოვი, გენადი ტიმჩენკო და ალექსანდრე პონომარენკო. მორდაშოვი ფლობს ორ სუპერიახტას: ნორდს, რომელიც სეიშელის კუნძულებზეა და ლედი M, რომელიც იტალიაშია. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, ზოგიერთ რუს მაგნატს ჯერ კიდევ აქვს სუპერიახტები ევროპაში. რომან აბრამოვიჩის სოლარისი ბარსელონაშია, ისკანდარ მახმუდოვის - იტალიაში და ვაგიტ ალეკპეროვის Galactic Supernova - მონტენეგროში. 

სანქციები დაუწესდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც, რომლის სახელსაც უკავშირებს გამოცემა Business Insider-ი სუპერიახტა Graceful-ს. მან ჰამბურგი 7 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე დატოვა და ახლა რუსეთში, კალინინგრადში იმყოფება.

სუპერიახტები და რუსული ელიტის კუთვნილებაში არსებული ფუფუნების სხვა საგნები ინტენსიური მოკვლევის ქვეშ მოექცა უკრაინაში ქვეყნის შეჭრის შემდეგ და აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიმართვაშიც კი მოხვდა.

“ვუერთდებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს, რათა ვიპოვოთ და წაგართვათ თქვენი იახტები, ძვირადღირებული ბინები, პირადი თვითმფრინავები”,- განაცხადა ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტომ მალონი