LIVE

მოქალაქეების ნაწილს შესაძლოა საპენსიო დანაზოგების კერძო ფონდებში გადატანის უფლება მიეცეს

28 აპრ 202218:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 879

მოქალაქეების ნაწილს შესაძლოა საპენსიო დანაზოგების კერძო ფონდებში გადატანის უფლება მიეცეს. მთავრობა და ეროვნული ბანკი საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობენ, რომელიც საპენსიო სააგენტოს პარალელურად ბაზარზე აქტივების მმართველი კომპანიების დაშვებასაც ითვალისწინებს.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, კანონპროექტის მიხედვით, 2023 წლიდან მოქალაქეებს, რომლებიც დაგროვებით საპენსიო სისტემაში ნებაყოფლობით არიან ჩართულები, საკუთარი დანაზოგების საპენსიო სააგენტოს სისტემიდან კერძო ფონდებში გადატანის უფლება მიეცემათ.

შესაბამისად, პირველ ეტაპზე მსგავსი შესაძლებლობა იმ პირებს გაუჩნდებათ, რომლებიც რეფორმის ამოქმედებისას უკვე იყვნენ 40 წლის, ხოლო შემდეგ ეტაპზე დანაზოგების აქტივების მმართველ კომპანიებში თანხის გადატანის საშუალება ყველა მოქალაქეზე გავრცელდება.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, აქტივების მმართველი ორგანიზაციების დაშვებით ბაზარზე მეტი კონკურენცია გაჩნდება, რაც საბოლოოდ სისტემის ეფექტიანობაზე დადებითად აისახება.

„გვინდა, რომ საპენსიო სქემის მონაწილეებს მეტი არჩევანი მივცეთ თავად აირჩიონ აქტივების მმართველი, ეს იქნება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო თუ კერძო აქტივების მმართველი კომპანია. პირველ ეტაპზე ეს შესაძლებლობა იმ მოქალაქეებს მიეცემათ, რომლებიც დაგროვებით საპენსიო სისტემაში ნებაყოფლობით დარჩნენ, ხოლო 2-3 წლის შემდეგ ასეთი არჩევანის უფლება ყველა მონაწილეს ექნება. აქტივების მმართველი შეიძლება იყოს როგორც ადგილობრივი კომპანია, ასვე უცხოური საფინანსო ორგანიზაციები“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

ცნობისთვის, იგეგმება საპენსიო სააგენტოსთვის საინვესტიციო მანდატის გაფართოებაც. კერძოდ, საუბარია რიგი მოთხოვნების შემსუბუქებაზე, მათ შორის კომპანიების საკრედიტო რეიტინგების მიმართულებით. შედეგად გაჩნდება მეტი შესაძლებლობა, რომ საპენსიო დანაზოგები ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებშიც ჩაიდოს. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებების ინიცირება პარლამენტში მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.