LIVE

გერმანიის მინისტრი: რუსულ ნავთობზე სრული ემბარგო "მიღწევადია"

27 აპრ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 686
გერმანიის მინისტრი: რუსულ ნავთობზე სრული ემბარგო "მიღწევადია"
Liesa Johannssen-Koppitz/Bloomberg

გერმანიამ რუსული ნავთობის იმპორტის წილი 35%-დან 12%-მდე შეამცირა. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ბერლინის მმართველ კოალიციაში ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მინისტრის თქმით, გერმანიამ უკვე საკმარისად შეამცირა რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება იმისათვის, რომ სრული ემბარგო "მიღწევადი" გახადოს.

გერმანიაში რუსეთიდან მიღებული ნავთობით ამჟამად მარაგდება ჩრდილო-აღმოსავლეთ მდებარე ქალაქ შვედტის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ნაწილობრივ Rosneft-ის საკუთრებაშია. მინისტრი იმედოვნებს, რომ რუსული რესურსი რამდენიმე დღეში ჩანაცვლდება. 

"პრობლემა, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ გერმანიისთვის ძალიან დიდი ჩანდა, გაცილებით დაპატარავდა. გერმანია ძალიან, მიუახლოვდა რუსული ნავთობის იმპორტზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას," - განუცხადა ჰაბეკმა ჟურნალისტებს. 

უკრაინაში ომის დაწყებამდე, აღმოსავლეთ გერმანიაში მდებარე ქალაქების: შვედტისა და ლეუნას გადამამუშავებელი ქარხნები ამუშავებდნენ დღეში დაახლოებით ნახევარ მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს, რომლის უდიდესი ნაწილი რუსეთიდან იყო იმპორტირებული.

შვედტის ქარხნის ვებგვერდის მიხედვით, ბერლინსა და ბრანდენბურგში გათბობისთვის გამოყენებული საწვავის, ასევე, ბენზინისა და თვითმფრინავების საწვავის 90% შვედტის ობიექტიდან მარაგდება. ლეუნა კი ტურინგიის, საქსონიისა და საქსონია-ანჰალტის რეგიონების, მათ შორის, დრეზდენისა და ლაიფციგის, საწვავის ძირითადი მიმწოდებელია.

ჰაბეკის თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანამ ნავთობზე რუსეთისგან დამოუკიდებლობას მალე მიაღწიოს, აღმოსავლეთში მდებარე გადამამუშავებელ ქარხნებს, დასავლეთ გერმანიის მარაგებით შეავსებს. მისივე თქმით, ლეუნას გადამამუშავებელმა ქარხანამ ალტერნატიული წყარო უკვე მოიძია. 

გერმანია ასევე შეუერთდა ევროკავშირის ემბარგოს რუსულ ნახშირზე და აფართოებს LNG სიმძლავრეს, იმისათვის, რომ შეამციროს გაზზე დამოკიდებულება. 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსული გაზის შეძენას 2024 წელს შეწყვეტს, ხოლო ნავთობის იმპორტს - მიმდინარე წელს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იენ როჯერსი