LIVE

Stellantis ერთ-ერთი ბოლო ავტომწარმოებელია, რომელიც რუსეთში წარმოებას აჩერებს

19 აპრ 202221:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 649
Stellantis ერთ-ერთი ბოლო ავტომწარმოებელია, რომელიც რუსეთში წარმოებას აჩერებს

მსოფლიოში სიდიდით მე-4 ავტომწარმოებელი Stellantis მოსკოვის მახლობლად ფურგონების ქარხანაში წარმოებას დაუდგენელი დროით აჩერებს და უერთდება ინდუსტრიული კომპანიების გრძელ სიას, რომლებმაც უკრაინის ომის გამო, რუსეთში წარმოება შეაჩერეს.  

"ჯვარედინი სანქციებისა და ლოჯისტიკური სირთულეების ყოველდღიურად სწრაფი ზრდის გათვალისწინებით, Stellantis-მა, სრული შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, შეაჩერა საწარმოო ოპერაციები კალუგაში", - განაცხადა ავტომწარმოებელმა. 

საწარმო, რომელიც მიწოდების პრობლემის გამო, გასული კვირების განმავლობაში დაბალი დატვირთვით მუშაობდა, ქვეყანაში ერთ-ერთი ბოლო მოქმედი საავტომობილო ქარხანა იყო. 

Jeep, Peugeot-სა და Fiat-ის მწარმოებელმა კომპანიამ რუსეთში ვაჭრობა გასულ თვეში შეაჩერა, თუმცა მაშინ არ უხსენებია ქარხანა, რომელიც წელიწადში დაახლოებით 11,000 კომერციულ მანქანას აწარმოებს.

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, საერთაშორისო კომპანიებმა რუსეთის ბაზარი დატოვეს. მიმდინარე მოვლენები ასევე აფერხებს ადგილობრივ წარმოებას, რადგან სანქციების ფონზე წარმოების ძირითადი კომპონენტების მოპოვება გართულდა. ქვეყანაში არსებულ ქარხნებში მუშაობა შეაჩერეს Volkswagen-მა, BMW-მ და Ford Motor-მა.

Stellantis-ის დღევანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა მას შემდეგ, რაც კალუგას ქარხანაში მისმა პარტნიორმა, Mitsubishi Motors-მა ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ ლოჯისტიკური სირთულეების გამო, ოპერაციებს აჩერებს. 

Stellantis-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კარლოს ტავარესმა აღნიშნა, რომ კომპანია ქვეყნის ავტომობილების ბაზრის მხოლოდ 1%-ს ფლობს და რუსეთიდან ყოველწლიურად 20 მილიონიდან 30 მილიონ ევრომდე მოგება აქვს, შესაბამისად, სიახლეს კომპანიის შემოსავლებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება. 

კალუგას ქარხანაში 2700 ადამიანია დასაქმებული. კომპანია თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდას განაგრძობს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტარა პატელი