სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთი იყო (562.4 მლნ აშშ დოლარი), მეორე პოზიცია დაიკავა ჩინეთმა (461.9 მლნ აშშ დოლარი), მესამე კი - რუსეთმა (383.3 მლნ აშშ დოლარი).
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთში ექსპორტი 2.8%-ით გაიზარდა. სწორედ რუსეთზე მოდის საქართველოს მთლიანი ექსპორტის 9.4%. რუსეთის ბაზარზე ყველაზე დიდი მოცულობით გაიყიდა ფეროშენადნობები; ყურძნის ნატურალური ღვინო; მინერალური და მტკნარი წყლები; სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს, ან მისი შემცვლელებისაგან; სპირტიანი სასმელები.
სამ თვეში, 23.7%-ით გაიზარდა რუსეთიდან იმპორტის მაჩვენებელი და მთლიან იმპორტში 10.2%-იანი წილითაა წარმოდგენილი. იანვარ-მარტის მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა: ნავთობი და ნავთობპროდუქტები; ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები; კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის, ან ტორფისგან; ელექტროენერგია; ხორბლის, ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი.
პირველ კვარტალში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (220 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (125.4 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (109.8 მლნ აშშ დოლარი).
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 271.1 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 23.1%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 160.1 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 13.7%), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 94.9 მლნ აშშ დოლარით (8.1%).
რაც შეეხება იმპორტს, 2022 წლის იანვარ-მარტის მონაცემების მიხედვით, პირველ სამეულში შედის: თურქეთი (463.2 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (273.5 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (241.9 მლნ აშშ დოლარი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში პირველ პოზიციაზე იყო ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლის იმპორტმა 244.5 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.1% შეადგინა. მეორე ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებდა 222.5 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 8.3%), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 211.1 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7.8%).
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 მილიარდ 865 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 37.9%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 1 მილიარდ 171 მილიონი აშშ დოლარი იყო (43.3%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 2 მილიარდ 693 მილიონი აშშ დოლარი (35.7%-ით მეტი).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1 მილიარდ 521 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.4% შეადგინა.
შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.6%-ით გაიზარდა და 14 მილიარდ 315 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.