LIVE

შრი-ლანკა IMF-ისგან $4 მილიარდამდე დახმარებას ითხოვს

17 აპრ 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 448
შრი-ლანკა IMF-ისგან $4 მილიარდამდე დახმარებას ითხოვს

შრი-ლანკას უპრეცედენტო ეკონომიკური კრიზისგან თავის დასაღწევად  მიმდინარე წელს $3 მილიარდიდან $4 მილიარდამდე დასჭირდება. ფინანსთა მინისტრის, ალი საბრის განცხადებით, ქვეყანა დახმარების მისაღებად საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) გეგმავს მოლაპარაკებების დაწყებას.

საბრის თქმით, მოლაპარაკებები ვაშინგტონში 18 აპრილს დაიწყება, ხოლო დახმარების მიღება ერთი კვირის შემდეგ არის მოსალოდნელი.

ფინანსთა მინისტრმა ასევე დასძინა, რომ პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაპაქსას მთავრობას ჯერ კიდევ აქვს პარლამენტში უმრავლესობა და შესაბამისად სამართლებრივი უფლებამოსილება აწარმოოს მოლაპარაკებები მსესხებელთან. საბრიმ მიუთითა, რომ ქვეყანა IMF-ის გარდა დაფინანსების მიღებას სხვა მსესხებლებისგანაც ცდილობს.

საბრი, ახალდანიშნული ცენტრალური ბანკის მმართველ ნანდალალ ვეერასინჰესთან ერთად, რაჯაპაკსას გუნდის მთავარი წევრია სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებების მიმართულებით. ფინანსური დახმარება გადამწყვეტი იქნება ვალის რესტრუქტურიზაციის პროცესში, რომელიც ქვეყანამ ვალის და პროცენტის გადახდების გაუქმების შემდეგ დაიწყო.

ორნიშნა ინფლაციის ფონზე, ყველაფრის დეფიციტით და  ელექტროენერგიის 13-საათიანი გათიშვებით აღშფოთებული მოქალაქეები პრეზიდენტის გოტაბაია რაჯაპაქსას და ასევე მისი ძმის, პრემიერ-მინისტრის მაჰინდა რაჯაპაქსას გადაყენების მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდნენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანუშა ონდატჯიე