LIVE

დოლარის დასაზოგად შრი-ლანკამ შესაძლოა დეფოლტი გამოაცხადოს

12 აპრ 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 656
დოლარის დასაზოგად შრი-ლანკამ შესაძლოა დეფოლტი გამოაცხადოს

შრი-ლანკამ შესაძლოა დეფოლტი გამოაცხადოს და შეაჩეროს საგარეო ვალის მომსახურება, რათა შეინარჩუნოს შემცირებული დოლარის რეზერვები ძირითადი საკვები პროდუქტებისა და საწვავის იმპორტისთვის.

ობლიგაციების მფლობელებისთვის, ორმხრივი კრედიტორებისთვის და ინსტიტუციური კრედიტორებისთვის ყველა გადახდა შეჩერდება ვალის რესტრუქტურიზაციამდე, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. ცენტრალური ბანკის ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა, ნანდალალ ვეერასინჰემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს მოლაპარაკებას კრედიტორებთან და აფრთხილებს მათ შესაძლო დეფოლტის შესახებ.

ეს ზომები არის “ბოლო საშუალება ქვეყნის ფინანსური მდგომარეობის შემდგომი გაუარესების თავიდან ასაცილებლად. აშკარაა, რომ ნებისმიერი შემდგომი შეფერხება შრი-ლანკის ეკონომიკას მუდმივი ზიანის რისკის ქვეშ აყენებს და შეუქცევადად აზიანებს ქვეყნის საგარეო სახელმწიფო ვალების მფლობელებს”, - აცხადებს ფინანსთა სამინისტრო.

განცხადება მოჰყვა მზარდ მოწოდებას პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაპაქსასა და მისი ძმის, პრემიერ-მინისტრ მაჰინდა რაჯაპაქსას გადადგომის შესახებ. მოქალაქეები აპროტესტებდნენ 20%-იან ინფლაციას და ელექტროენერგიის ყოველდღიურ შეწყვეტას 13 საათის განმავლობაში. რაჯაპაქსას პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დახმარების შესახებ მოლაპარაკებები გადაიდო.

ეკონომიკური კრიზისი პოლიტიკურ ჩიხში გადაიზარდა. მაჰინდა რაჯაპაქსამ მოქალაქეებს მოთმინებისკენ მოუწოდა, რადგან ფასების მატება და დეფიციტი გაუარესდება, ამავდროულად ხაზს უსვამს მისი ოჯახის როლს ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომის 2009 წელს დასრულებაში. მისი ძმა, ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

მთავრობა დააჩქარებს მოლაპარაკებებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სურს თავიდან აიცილოს მძიმე დეფოლტი. რაჯაპაქსას ადმინისტრაცია ასევე ეძებს დახმარებას ქვეყნებისგან, მათ შორის ინდოეთიდან და ჩინეთიდან, რომელიც მისი ერთ-ერთი უდიდესი კრედიტორია.

“ჩინეთი აკეთებს ყველაფერს, რათა დაეხმაროს შრი-ლანკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და მომავალშიც გააგრძელებს ამას”, - თქვა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბრიფინგზე.

შრი-ლანკის დოლარის ობლიგაციები 12 აპრილს 1 დოლარზე 1,8 ცენტით დაეცა და 46,07 ცენტს შეადგენს. რუპიამ ღირებულების 0,5% დაკარგა. ქვეყნის საფონდო ბაზარი დახურულია მიმდინარე კვირაში სახალხო არდადეგების, ვაჭრობის შემცირებისა და  ელექტროენერგიის ყოველდღიური შეწყვეტის გამო.

შრი-ლანკის სავალუტო რეზერვები გასულ თვეში 16%-ით შემცირდა და $1,94 მილიარდი შეადგინა. Bloomberg-ის მონაცემებით, მთავრობას $36 მილიონის პროცენტი 2023 წლის დოლარის ობლიგაციებზე 18 აპრილს უნდა გადაეხადა, ასევე $42,2 მილიონი 2028 წლის ბანკნოტებზე. 1 მილიარდის სუვერენული ობლიგაციების ვადა 25 ივლისს სრულდება.

Nomura Holdings-ი ვარაუდობს “ეკვადორის სტილის ვალის რესტრუქტურიზაციას”, სადაც ობლიგაციების არსებული მარაგი გადაინაცვლებს სამ უფრო გრძელვადიან ობლიგაციებში კუპონის განაკვეთების შემცირებით. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ანუშა ონდააჯიე, ასანტა სირიმანი და ლილიან კარუნუნგანი