LIVE

2022 წელს უკრაინის ეკონომიკა 45%-ით, რუსეთის კი 11%-ით შემცირდება - მსოფლიო ბანკი

11 აპრ 202223:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 940
2022 წელს უკრაინის ეკონომიკა 45%-ით, რუსეთის კი 11%-ით შემცირდება - მსოფლიო ბანკი
Sergey Bobok/AFP/Getty Images

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, მიმდინარე წელს ორივე ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად მცირდება. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, უკრაინის ეკონომიკა 45,1%-ით, ხოლო რუსეთის 11,2%-ით შემცირდება.   

ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი ბაზრები და განვითარებადი ეკონომიკები, სავარაუდოდ, წელს ჯამში 4,1%-ით შემცირდება, რაც პანდემიურ 2020 წელთან შედარებით, ორჯერ დიდი ვარდნაა.

"გასული ორი წლის განმავლობაში ეს მეორე დიდი შოკია, რომელიც რეგიონულ ეკონომიკას ურტამს და ემთხვევა მისთვის ძალიან სარისკო დროს, რადგან ბევრი ეკონომიკა კვლავ ცდილობს პანდემიის შემდგომ აღდგენას",- თქვა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა ვიცე-პრეზიდენტმა ანა ბჟერდემ.

მსოფლიო ბანკის თანახმად, ევროპის განვითარებადი ბაზრის გარდა, ომი მოქმედებს სასაქონლო და ფინანსურ ბაზრებზე, ასევე სავაჭრო და მიგრაციულ კავშირებზე, რაც აძლიერებს მსოფლიო ეკონომიკის მკვეთრი შენელების, ინფლაციური სპირალისა და ვალების გაზრდის შესახებ შიშს. 

მოხსენების მიხედვით, მიმდინარე წელს ასევე შემცირდება ბელორუსის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და მოლდოვას ეკონომიკა, ხოლო რეგიონის დანარჩენ ქვეყნებში ის ნელი ტემპით გაიზრდება. 

ამასთან, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2,5%-მდე შეამცირა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, ომის სწრაფად დასრულების შემთხვევაში, წელს უკრაინის ეკონომიკა 10%-ით შემცირდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მაიკლ უინფრი