LIVE

ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განზრახვის შესახებ, შესაძლოა, უახლოეს კვირებში განაცხადოს

07 აპრ 202221:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 596
ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განზრახვის შესახებ, შესაძლოა, უახლოეს კვირებში განაცხადოს

ფინეთი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შესაძლო გადაწყვეტილების შესახებ უახლოეს კვირებში განაცხადებს. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ ჟურნალისტებს ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ უთხრა. 

ჰავისტოს თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომმა რუსეთისგან მომავალი საფრთხეები აჩვენა. 

"მივდივართ ისეთ ვითარებამდე, როდესაც შეიძლება დაგვჭირდეს თანამშრომლობა", - ჰავისტომ ამ სიტყვებით ნატოსთან შესაძლო თანამშრომლობაზე მიანიშნა. 

მისივე თქმით, ნატოს წევრმა ქვეყნებმა გაწევრიანების პროცესში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დახმარება შესთავაზეს. განაცხადის დამტკიცებას შესაძლოა, ოთხი თვიდან ერთ წლამდე დასჭირდეს.

ევროკავშირის წევრი ქვეყანა რუსეთთან 1300 კმ-იან საზღვარს იზიარებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ფინური მედიის მიერ ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ ფინეთის საზოგადოებრივი აზრი შეიცვალა და ახლა უმრავლესობა მხარს ნატოში გაწევრიანებას უჭერს. 

"ივნისში მადრიდში ნატოს მნიშვნელოვანი სამიტი იმართება. რა თქმა უნდა, ნატოს აინტერესებს, მანამდე ფინეთი და შესაძლოა, შვედეთი წარადგენენ თუ არა წევრობის განაცხადები", - თქვა ჰავისტომ.

მინისტრის თქმით, ფინეთის მთავრობა მომავალ კვირას პარლამენტს მიმართავს, განიხილოს, თუ როგორ იმოქმედა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამ ფინეთის უსაფრთხოებაზე. პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაში, მთავრობა მზად არის გაწევრიანების მიზნით, ალიანსს მალევე მიმართოს. 

ფინეთი ძირითადად მონაწილეობს თავდაცვის წვრთნებში. ის არის JEF ძალების წევრი და 2014 წელს შეუერთდა ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობების პროგრამას შვედეთთან, ავსტრალიასთან, საქართველოსა და იორდანიასთან ერთად.

მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ ფინეთის მთავრობა თავდაცვის გაძლიერებას გეგმავს და ამ მიზნით, რეზერვისტების გადამზადებას იწყებს. პარალელურად ზრდის თავდაცვის ხარჯებს.  

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა არაერთხელ განაცხადა, რომ ფინეთის ალიანსში გასაწევრიანებლად მზად არიან.