LIVE

დავითაშვილი: საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი უნდა გახდეს

04 აპრ 202214:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 869
დავითაშვილი: საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი უნდა გახდეს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის გენერაცია საქართველოში ვერ ეწევა მოხმარებას და ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს.

დავითაშვილის განმარტებით, ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით მთავრობას აქტიური კომუნიკაცია აქვს როგორც ადგილობრივ ბიზნესთან, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთანაც.

„ელექტროენერგიის გენერაციაში მეტი ინვესტიცია ნამდვილად გვჭირდება. გარკვეული მონახაზები უკვე გვაქვს. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთანაც მოგვიწევს კონსულტაციები და გეგმების შეთანხმება. გენერაცია ვერ ეწევა გაზრდილი მოხმარებას და ჩვენი მიზანია, რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის ექსპორტიორი. დღეები დაგვჭირდება, რომ საზოგადოებამ იხილოს კონკრეტული შეთავაზებები ბიზნესთან მიმართებაში“,- განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, ნამახვანჰესის პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს და ამ პროექტის რეალიზაციას ხელი დიდწილად დაინტერესებულ მხარეებს შორის არასწორმა კომუნიკაციამ შეუშალა. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, გამოცდილებამ აჩვენა, რომ მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებში სახელმწიფოს მეტი თანამონაწილეობა აუცილებელია.

იმ ფონზე, რომ ადგილობრივი გენერაცია მოხმარებას ვერ აკმაყოფილებს, საქართველო მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ელექტროენერგიის იმპორტზე. 2021 წელს საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად 25%-ით გაზარდა, მთავარი მომწოდებელი კი რუსეთი გახდა. მიმდინარე წლის ორ თვეში საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტში $21.6 მილიონი გადაიხადა.