LIVE

Unesco - უკრაინაში ომის დროს სულ მცირე 53 ისტორიული და რელიგიური შენობა დაზიანდა

02 აპრ 202214:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 904
Unesco - უკრაინაში ომის დროს სულ მცირე 53 ისტორიული და რელიგიური შენობა დაზიანდა
Maxar Technologies/AP

Unesco-ს ცნობით, რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინაში სულ მცირე 53 ისტორიული და რელიგიური ობიექტი დაზიანდა

Unesco-მ გაეროს სასწავლო და კვლევის ინსტიტუტთან (UNITAR) ერთად შექმნა “სისტემა უკრაინის უმთავრესი ადგილებისა და ძეგლების კონსერვაციის მდგომარეობის მონიტორინგისთვის სატელიტური გამოსახულების საშუალებით”. 

ორგანიზაციის ცნობით, დაზიანებულია 29 რელიგიური ობიექტი, 16 ისტორიული შენობა, 4 მუზეუმი და 4 ძეგლი.

ყველაზე მეტი ზიანი მიადგა ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ ხარკოვს. დაზიანებულია 18 ძეგლი, მათ შორის ხარკოვის ეროვნული ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი, ხელოვნების მუზეუმი და დრობიცკის იარი ჰოლოკოსტის მემორიალი. 

სიაშია დრამატული თეატრი ალყაში მოქცეულ საპორტო ქალაქ მარიუპოლში, რომელიც დაბომბვის შედეგად განადგურდა. ჩრდილოეთ ქალაქ ჩერნიგოვში, წმინდა ეკატერინეს ეკლესია ასევე დაზიანებულ ადგილებს შორისაა. 

ჯერჯერობით, კიევის საკვანძო ღირსშესანიშნაობები დიდწილად უვნებლად გადარჩა. გამონაკლისია ვოზნესენსკა, ამაღლების ეკლესია. 

უკრაინაში მდებარე Unesco-ს მსოფლიო მემკვიდრეობის შვიდი ძეგლიდან არცერთი არ დაზიანებულა საომარი მოქმედებების შედეგად.

როგორც დამატებითი გარანტია, Unesco-ს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულემ ოფიციალური წერილი გაუგზავნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, რომელშიც “შეახსენა რუსეთის ვალდებულებები და მიაწოდა უკრაინის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მდებარეობის მონაცემები, რათა შეძლონ მათი ყოველგვარი დაბომბვისგან დაცვა”, - განაცხადა ორგანიზაციის სპიკერმა.