LIVE

როგორ გადაურჩა Gazprombank-ი სანქციებს - პუტინის გეგმა მიზეზს ამხელს

31 მარ 202223:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 614
როგორ გადაურჩა Gazprombank-ი სანქციებს - პუტინის გეგმა მიზეზს ამხელს
Bloomberg

Gazprombank ჯერჯერობით გადაურჩა მკაცრ სანქციებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დასავლურმა ქვეყნებმა უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ აამოქმედეს. პუტინის გეგმა - მიიღოს გაზის საფასური რუბლებში ამის მიზეზს ხსნის. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც უცხოელ მყიდველებს ავალდებულებს სპეციალური ანგარიშები სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად Gazprombank-ში გახსნან, რათა ანგარიშსწორებისთვის უცხოური ვალუტა რუბლებში დაკონვერტირდეს. მოთხოვნა ეხება ყველა იმ კომპანიას, რომელსაც რუსული გაზის მიღება სურს.

ეს ნაბიჯი ზრდის Gazprombank-ის როლს რიგი ქვეყნებისთვის (მათ შორის, გერმანიისთვის და იტალიისთვის) ენერგიის გადამწყვეტი წყაროს მიწოდებაში და იცავს რუსეთის სიდიდით მესამე კრედიტორს ყველაზე მკაცრი სასჯელისგან მაშინაც კი, როდესაც ევროკავშირი და მისი მოკავშირეები ქვეყნის ფინანსური ინდუსტრიის იზოლირებას ცდილობენ.

ამ თვის დასაწყისში შვიდი რუსული ბანკი გადახდების შეტყობინებების სისტემა SWIFT-დან გათიშეს, მაგრამ იყო ორი მნიშვნელოვანი გამონაკლისი: Sberbank თავისი 100 მილიონი საცალო კლიენტით და  და Gazprombank, სულ რაღაც 5 მილიონი მომხმარებლით. 

თვეების წინ, როდესაც დასავლელი მოკავშირეები გეგმავდნენ როგორ უპასუხებდნენ რუსეთის რაიმე ფორმით უკრაინაში შეჭრას, შეთანხმდნენ, რომ Gazprombank-ს არ შეეხებოდა სანქციები, რათა ენერგო ტრანზაქციები შემაკავებელი ზომებისგან დაცული ყოფილიყო. 

რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის გერმანია, წინააღმდეგია, რომ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე სანქციები გაფართოვდეს. 

რუსეთის მიერ საფასურის რუბლებში მიღების გეგმა შეიძლება ამ პოზიციის უზრუნველყოფას ემსახურებოდეს. გასულ კვირას გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადა, რომ სანქციების გაფართოების ფარგლებში, გაყინავდა Gazprombank-ის აქტივებს, მაგრამ ის გაზის მხოლოდ 4%-ს იღებს, გერმანია კი - მოცულობის ნახევარს. 

ანალიტიკოსების განმარტებით, რუბლებში თანხის გადახდის მოთხოვნით, რუსეთს სურს ევროპას უთხრას, რომ ვიდრე Gazprombank არ არის სანქცირებული და Gazprombank-ში Gazprom-ის ანგარიშზე თანხა ირიცხება, ევროპა გაზს მიიღებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ისისი ალმეიდა და ალბერტო ნარდელი