LIVE

პუტინი აცხადებს, რომ გაზის მიწოდებას შეწყვეტს, თუ საფასურს რუბლში არ გადაუხდიან

31 მარ 202217:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1408
პუტინი აცხადებს, რომ გაზის მიწოდებას შეწყვეტს, თუ საფასურს რუბლში არ გადაუხდიან

რუსეთი "არამეგობრულ" ქვეყნებს 1 აპრილიდან გაზის მიწოდებას შეუწყვეტს, თუ გაზის საფასურს რუბლში არ გადაიხდიან. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.  

"რუსული გაზის შესაძენად, მათ რუსულ ბანკებში რუბლის ანგარიშები უნდა გახსნან. 1 აპრილიდან გაზის საფასურის გადახდა სწორედ ამ ანგარიშებიდან მოხდება. თუ ასეთი გადახდები არ განხორციელდა, ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს კლიენტი არ ასრულებს ვალდებულებებს",- თქვა პუტინმა.  

პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, რუსული გაზის მყიდველებმა უნდა გახსნას სპეციალური ანგარიშები სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად Gazprombank-ში და უცხოური ვალუტა რუბლში გადაცვალონ.

23 მარტს ცნობილი გახდა, რომ უახლოს მომავალში რუსეთი არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების საფასურის რუბლში გადახდებზე გადადის. 

ევროპულმა მთავრობებმა და ენერგეტიკულმა კომპანიებმა უარყვეს რუსეთის იდეა და განაცხადეს, რომ გაზის იმპორტის კონტრაქტები განსაზღვრავს გადახდის ვალუტას და მათი ცალმხრივად ცვლილება შეუძლებელია. ისინი გადახდას კვლავ ევროსა და დოლარში აპირებენ.

უფრო ფართოდ, G7-ის ქვეყნები, მათ შორის იაპონია, აშშ და კანადა, ისევე როგორც გერმანია, საფრანგეთი, იტალია და დიდი ბრიტანეთი, შეთანხმდნენ და მოსკოვის მოთხოვნის შესრულებაზე უარს ამბობენ. მათი პოზიცია გაიზიარა ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარმაც.

გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “დიდი შვიდეულის ყველა მინისტრს შორის სრულ თანხმობაა”, რომ ასეთი ნაბიჯი იქნება “არსებული ხელშეკრულებების ცალმხრივი და აშკარა დარღვევა”.

7 მარტს რუსეთის მთავრობამ ე.წ. არამეგობრული სახელმწიფოებისა და ტერიტორიების სია დაამტკიცა. მასში შედის აშშ და კანადა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, გაერთიანებული სამეფო (მისი კუნძულოვანი ტერიტორიები), უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია, ალბანეთი, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მონაკო, ნორვეგია, სან-მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია.

სიაში ასევე შედიან აზიის სახელმწიფოები: იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, მიკრონეზია, ახალი ზელანდია, სინგაპური და ტაივანი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია