LIVE

ჭყონია: სერიოზულად ვმუშაობთ აფხაზეთის კოკა-კოლით მომარაგებაზე

29 მარ 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1600
ჭყონია: სერიოზულად ვმუშაობთ აფხაზეთის კოკა-კოლით მომარაგებაზე

სერიოზულად ვმუშაობთ აფხაზეთის კოკა-კოლით მომარაგებაზე,- ამის შესახებ „ბიზნეს ფორმულას“ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა

მისი თქმით, ჯერჯერობით დეტალები დასაზუსტებელია.

„აფხაზეთი მარაგდებოდა რუსეთიდან და ახლა ვერ მარაგდება. ჯერ არ ვიცით ეს როგორ მოხდება, თუმცა ბიზნესმენები ვართ და ვეძებთ გზებს. თუ არის მოთხოვნა მიმწოდებელიც მოინახება და ამის იმედიც გვაქვს. თუ ვამბობთ, რომ აფხაზეთი ჩვენი ტერიტორიაა, ჩვენს ტერიტორიას მოვემსახურებით.

კოკა-კოლას ეკონომიკური რუკით განსაზღვრულია დაფარვის არეალი და ამ რუკით აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი დაფარვის ქვეშაა. ვფიქრობ, თუ აფხაზეთის ე.წ. მთავრობა მოითხოვს, ლეგალური შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება. აქ ერთი პრობლემა იქნება, ვის შეხვდეს ფული, დამატებითი ღირებულების და სხვა გადასახადებიდან. ეს მოლაპარაკების საგანი იქნება, თუმცა ვმუშაობთ და იმედი მაქვს, რომ ზაფხულში აფხაზეთს ჩვენი კოკა-კოლით გავაგრილებთ“,- აცხადებს ჭყონია.

ბიზნესმენის თქმით, ახლო მომავალში კოკა-კოლას წარმოების გაფართოებისთვის 20 მილიონი ლარის ინვესტირება იგეგმება, რათა რეგიონის გაზრდილი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. ჭყონიას განმარტებით, რუსეთ-უკრაინის ომის და რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გამო, რეგიონში მიწოდების პრობლემები შეიქმნა და ამ ნიშის დაკავებას მისი წარმოება ცდილობს. 

„ახლა მთლიანად უნდა გადავერთოთ სომხეთის მომარაგებაზე, დაახლოებით 30 მილიონ ქილაზეა საუბარი. ქილების ხაზი კავკასიაში მარტო ჩვენ გვაქვს, აზერბაიჯანსაც ჩვენ ვამარაგებთ. უკრაინაში კოკა-კოლას ქარხანა დაბომბეს, ნახევარზე მეტი განადგურებულია. დიდ ინვესტიციას ვაკეთებთ, 20 მილიონ ლარამდე იქნება. სანამ ისინი აღადგენენ, რეგიონული მომარაგებისთვის გაკეთდება და მერე უკვე საქართველოსა და კავკასიის ბაზარზე ვიმუშავებთ. აზერბაიჯანთან ძალიან სერიოზულ კონტრაქტზე მთავრდება მოლაპარაკებები“,-აცხადებს ჭყონია.

ბიზნესმენის თქმით, უკვე დაწყებულია პურის ექსპორტიც აზერბაიჯანის "მაკდონალდსში".

„იცით, რომ პურის ქარხანა ავაშენეთ და მოთხოვნა გაიზარდა ამ პროდუქტზე. რაც საქართველო არსებობს, პურის ექსპორტი არ გვქონია არასოდეს. ახლა აზერბაიჯანის "მაკდონალდს" ვამარაგებთ აქედან პურით. აქამდე უკრაინა ამარაგებდა და ჩვენ ჩავენაცვლეთ“,- აცხადებს ჭყონია. 

შეგახსენებთ, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, რუსული ბაზარი სრულად ან ნაწილობრივ 450-ზე მეტი კომპანიამ დატოვა.Coca-Cola იმ კომპანიებს შორისაა, რომლებმაც რუსულ ბაზარზე ოპერირება შეაჩერეს, თუმცა შესაძლოა, მომავალში დაუბრუნდნენ.