LIVE

რუსეთში ტრანზიტული გადარიცხვების რისკის გამო შვედური ბანკი საქართველოსთან ტრანზაქციებს აჩერებს

15 მარ 202216:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 4502
რუსეთში ტრანზიტული გადარიცხვების რისკის გამო შვედური ბანკი საქართველოსთან ტრანზაქციებს აჩერებს

შვედეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი, Handelsbanken-ი 21 მარტიდან საქართველოსთან და სომხეთთან ფინანსურ ტრანზაქციებს აჩერებს. ბანკმა ამ გადაწყვეტილების შესახებ მომხმარებელს წერილობით აცნობა.

სოფია თეთრაძე, რომელიც Handelsbanken-ის მომხმარებელია, "ბიზნეს ფორმულასთან" ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიზეზად ტრანზიტული ტრანზაქციების რისკი დასახელდა. კერძოდ, შვედური ბანკი შიშობს, რომ საქართველოში და სომხეთში გადარიცხული თანხები შესაძლოა ტრანზიტულად გადამისამართდეს სანქცირებულ ქვეყნებში, მათ შორის რუსეთშიც, რომელსაც დასავლეთმა ფინანსური სანქციები დაუწესა.

„ადგილობრივ ბანკებს დაევალათ მკაცრი კონტროლი გაუწიონ ქვეყნებს შორის საბანკო ოპერაციებს და ვინაიდან ამის გაკონტროლება საკმაოდ რთულია, ზოგიერთი ბანკი ამ მიზეზით საქართველოს სისტემიდან გამორთვას ირჩევს. მე ასევე ვესაუბრე Nordea-ს, თუმცა ეს ბანკი მსგავსი ცვლილებების შეტანას საკუთარ სისტემაში ჯერჯერობით არ აპირებს, რადგან კონტროლის უკეთესი მექანიზმები აქვს",- ამბობს სოფია თეთრაძე.

მისივე თქმით, ბანკის წარმომადგენლები ვერ აკონკრეტებენ, როდემდე გასტანს ეს შეზღუდვა შექმნილი სიტუაციის ფონზე.

Handelsbanken-მა "ბიზნეს ფორმულას" დაუდასტურა, რომ საქართველოსა და სომხეთში ფინანსურ ტრანზაქციებს ზღუდავს.