LIVE

"ლიბერთი" საპენსიო სესხზე: 26% ძალიან დაბალია, შესაძლოა ბანკებს ინტერესი დაუკარგოს

15 თებ 202215:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 3597

„ლიბერთი ბანკში“ მიიჩნევენ, რომ საპენსიო სესხის პროცენტზე განსაზღვრული 26%-იანი ზედა ზღვარი დაბალი მაჩვენებელია და არ გამორიცხავენ, რომ მათთვის მიუღებელი სატენდერო პირობების შემთხვევაში, ბანკმა ტენდერში მონაწილეობა არ მიიღოს.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში „ლიბერთი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ განაცხადა, 50%-იანი ჭერი, რომელიც თავის დროზე ეროვნულმა ბანკმა დაადგინა სამართლიანია და ამ გადაწყვეტილებამ მოსპო ყველა პრობლემა, რომელიც კრედიტის ფასთან იყო დაკავშირებული. 

„შეიძლება იმ ხალხის მესამედისთვის, ვინც ახლა ამ სესხებს იღებს, ხვალ აღარ გახდეს ხელმისაწვდომი. არ გამოვრიცხავთ, რომ საპენსიო სესხზე საპროცენტო ჭერის დაწესებამ ბანკებს სესხის გაცემის ინტერესი დაუკარგოს, დათვლა და გაანგარიშება უნდა ამ ყველაფერს. მოგეხსენებათ ბანკი არის კომერციული ორგანიზაცია, ძირითადი საქმიანობა საქველმოქმედო ვერ იქნება. შესაბამისად, თუ ვნახავთ, რომ ზარალიანია კონკრეტული პროდუქტი უარს ვიტყვით მასზე. საბაზრო პროცენტი ამჟამად 30%-ია, 26% ძალიან დაბალია და ეს შეიძლება ზარალიანი იყოს ბანკისთვის. დაველოდებით საბოლოო ტენდერის პირობებს და შემდეგ მივიღებთ მონაწილეობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას“,- აცხადებს მენაბდე.

მისივე თქმით, ზოგადად ფასის და პროცენტის რეგულირება არ არის დამახასიათებელი საბაზრო ეკონომიკისთვის და საბაზრო პირობებში ჩარევას არ მოაქვს კარგი შედეგები.

შეგახსენებთ, უწყებათაშორისმა კომისიამ განსაზღვრა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკი შეირჩევა. კერძოდ, კომისიის გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან საპენსიო სესხის პროცენტზე 26%-იანი ზედა ზღვარი დაწესდება, რომელიც მომავალში, ინფლაციის დასტაბილურების შესაბამისად, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს. სესხის გაცემის ხარჯებს კი მთავრობა 15 მლნ ლარით ბიუჯეტიდან დაასუბსიდირებს. მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ბანკი, რომელიც ახალი პირობებით გასცემს პენსიებს და სესხებს საპენსიო უზრუნველყოფით.

სპეციალისტების ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ ახალი პირობები, რომლის მიხედვითაც პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკი უნდა შეირჩეს, შესაძლოა კომერციული ბანკებისთვის მისაღები არ იყოს.