LIVE

საპენსიო სესხის პროცენტზე 26%-იანი ზედა ზღვარი დაწესდება - ზარქუა

11 თებ 202214:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 1941

საპენსიო სესხის პროცენტზე 26%-იანი ზედა ზღვარი დაწესდება. სესხის გაცემის ხარჯებს კი მთავრობა 15 მლნ ლარით ბიუჯეტიდან დაასუბსიდირებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საპენსიო სესხებთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო. 

მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ბანკი, რომელიც ახალი პირობებით გასცემს პენსიებს და სესხებს საპენსიო უზრუნველყოფით. 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ პენსიონერებს შესაძლებლობა ექნებათ, პენსია მათთვის სასურველ ნებისმიერ ბანკში აიღონ.

„საპენსიო სესხის პროცენტზე 26%-იანი ზედა ზღვარი დაწესდება, რომელიც მომავალში, ინფლაციის დასტაბილურების შესაბამისად, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს. სახელმწიფო პოტენციურ გამარჯვებულ ბანკს 15 მლნ ლარით შეეხიდება. გარდა ამისა, თუ პენსიონერს სურვილი ექნება, რომ პენსია სხვა ბანკში აიღოს, მას შეუძლია, „ლიბერთი ბანკში“ განცხადება დაწეროს, რის შემდეგაც 6 თვის მანძილზე პენსია მის მიერ შერჩეულ ბანკში ჩაერიცხება. ვადის გასვლის შემდეგ თუ გაგრძელების სურვილი ექნება, ისევ დაწერს განცხადებას. კონკურსის პირობები ერთ კვირაში გამოცხადდება",- აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ შეხვედრის შემდეგ.

უწყებათაშორისი კომისია ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით გასული წლის 28 ივლისს შეიქმნა.