„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებლის გიორგი კეპულაძის განცხადებით, პირობები, რომლის მიხედვითაც პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკი უნდა შეირჩეს, შესაძლოა კომერციული ბანკებისთვის მისაღები არ იყოს.
უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, საპენსიო სესხის პროცენტზე 26%-იანი ზედა ზღვარი წესდება, რომელიც ინფლაციის დასტაბილურების შესაბამისად, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს.
„შემდეგი პირობა ჩაიდო: ბანკთა შორის განაკვეთი რეფინანსირების განაკვეთთან ახლოს არის ხოლმე, ახლა 10.4-10.5%-ია, ამას დაემატება 15%, რაც მარტივი მათემატიკით გამოდის 25.5%. ეს ნომინალური განაკვეთია, ეფექტური შეიძლება 26% იყოს, მაგრამ ეს დღეისთვის.
თუ ინფლაციის შემცირების შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი დაიკლებს, რისი მოლოდინიც არსებობს, საპროცენტო განაკვეთიც დაიკლებს და თუ იქნება 8%, გამოვა 8%+15%, ანუ რეალურად ამ საკონკურსო პირობებით საპროცენტო განაკვეთი უნდა შემცირდეს. ვხედავ საკმაოდ დიდ რისკს, რომ ბევრი კომერციული ბანკისთვის ეს მისაღები არ იქნება. საქართველოში სულ 14 ბანკია. მათგან 3 სისტემურია, რომლებიც რეალურად ამის განხორციელებას შეძლებენ, იმ შემთხვევაში, თუ კი უღირთ“,- აცხადებს გიორგი კეპულაძე.
შეგახსენებთ, საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისმა კომისიამ განსაზღვრა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკი შეირჩევა. კერძოდ, კომისიის გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან საპენსიო სესხის პროცენტზე 26%-იანი ზედა ზღვარი დაწესდება. სესხის გაცემის ხარჯებს კი მთავრობა 15 მლნ ლარით ბიუჯეტიდან დაასუბსიდირებს. მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ბანკი, რომელიც ახალი პირობებით გასცემს პენსიებს და სესხებს საპენსიო უზრუნველყოფით.