დუბაი პოლიეთილენის ერთჯერადი პარკების გამოყენებისთვის გადასახადის დაწესებას გეგმავს. ყველა მაღაზიაში, მათ შორის რესტორნებში, აფთიაქებსა და ელექტრონული კომერციის სფეროში, ერთჯერადი პლასტმასის ჩანთების გამოყენებისთვის 1 ივლისიდან დაწესდება ჯარიმა 25 ფილსის ($0,07) ოდენობით.
გადასახადის შემოღება იქნება ერთგვარი საფეხური, იმისათვის, რომ ორ წელიწადში დუბაიში პოლიეთილენის პარკების გამოყენება სრულად აიკრძალოს.
"ცვლილებები საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს უფრო ჯანსაღ გარემოს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცხოვრების მდგრადი და მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად",- აცხადებს დუბაის მთავრობა.
დუბაი 2030 წლის ბოლოსთვის ნახშირბადის ემისიების 30%-ით შემცირებას გეგმავს. მომავალ წელს არაბთა გაერთიანებული საამიროები გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას უმასპინძლებს.
გასულ წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში პლასტმასის მოხმარების გამო, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ასობით აქლემი დაიღუპა.
გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ყოველწლიურად თითქმის 300 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენი წარმოიქმნება. თუ ამჟამინდელი ტენდენცია შენარჩუნდება, 2050 წლისთვის ოკეანეში შესაძლოა, თევზზე მეტი პლასტმასა იყოს.
პოლიეთილენის პარკების გამოყენება სრულად ან ნაწილობრივ აკრძალულია მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში.
2019 წლის აპრილიდან ნებისმიერი სისქის პოლიეთილენის პარკების წარმოება და მისი რეალიზაცია საქართველოშიც იკრძალება. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში პოლიეთილენის პარკები მაინც იყიდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კატერინა კადაბაში