LIVE

Google-ის თითო აქციის ფასი $2,752-დან $140-მდე შემცირდება

02 თებ 202223:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 940
Google-ის თითო აქციის ფასი $2,752-დან $140-მდე შემცირდება

Alphabet-ი ბაზარზე აქციების რაოდენობის მასშტაბურ ზრდას აბრუნებს, რაც ნიშნავს, რომ პერსპექტიულ მყიდველებს კომპანიის წილის ფლობისთვის თითო აქციაზე $3000-ზე მეტის გადახდა აღარ მოუწევთ.

კომპანიამ სამშაბათს გვიან განაცხადა, რომ აქციების რაოდენობას 20-1-ზე თანაფარდობით გაზრდის. ნაბიჯი მცირე ინვესტორების მოზიდვას ისახავს მიზნად. ცნობისთვის, საცალო ინვესტორები საფონდო ბირჟებს პანდემიის დროს მიაწყდნენ და რამდენიმე კომპანიის აქციების ფასის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.

დღევანდელ პრემარკეტულ ვაჭრობაში კომპანიის აქციების ფასი 10%-ით გაიზარდა. კომპანიის განცხადების შემდეგ, სავარაუდოდ, აქციების ფასი რეკორდულ მაქსიმუმს გადააჭარბებს, რომელსაც ბოლოს გასული წლის ნოემბერში მიაღწია.

საცალო ტრეიდერებისთვის აქციების დაბალი ფასი აქციების შესყიდვას აადვილებს. Alphabet-ის 20 1-ისთვის გაყოფა A კლასის აქციების ფასს დაახლოებით $140-მდე შეამცირებს. გუშინდელ ბაზრის დახურვის ფასზე დაყრდნობით, კომპანიის თითო აქციის ფასი ამჟამად $2,752-ია. 

აღსანიშნავია, რომ Google-ის მფლობელი კომპანიის გაყიდვებმა და მოგებამ სადღესასწაულო კვარტალში ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა, რაც დიდი ეკონომიკური არეულობის და მიმდინარე პანდემიის ფონზე, კომპანიის სარეკლამო ბიზნესის მდგრადობას ამტკიცებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯენა ვიტენსტეინი და ვივიენ როდრიგეზი