LIVE

ერდოღანმა სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელიც გაათავისუფლა

31 იან 202222:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 563
ერდოღანმა სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელიც გაათავისუფლა
Bloomberg

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის სტატისტიკის სააგენტოს ხელმძღვანელი, საიტ ერდალ დინჩერი თანამდებობაზე დანიშვნიდან 1 წელზე ნაკლებ დროში გაათავისუფლა. TurkStat-ი ჩართული იყო პოლიტიკურ დებატებში ძირითადი ეკონომიკური მონაცემების სანდოობის შესახებ.

ერდოღანმა თურქეთის სტატისტიკის სამსახურის, იგივე TurkStat-ის ახალ ხელმძღვანელად ერჰან ჩეტინკაია დანიშნა. ის 2019 წლიდან საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის სააგენტოს ვიცე-თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.

TurkStat-ი ბოლო წლებში მონაცემთა სანდოობის გამო მკაცრი კრიტიკის სამიზნეა. სააგენტო ეჭვმიტანილია მონაცემების გაყალბებაში, რისი მიზანიც ერდოღანის კეთილგანწყობის მოპოვება იყო.

პრეზიდენტ ერდოღანის პოლიტიკა, რომელიც საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გულისხმობს, ქვეყანას უმართავი ინფლაციის წინაშე აყენებს. პარალელურად, განვითარებული ეკონომიკები მონეტარული პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამკაცრებისკენ იხრებიან. თურქეთში ინფლაციამ დეკემბერში 19-წლიან მაქსიმუმს მიაღწია და 36% შეადგინა. მიუხედავად ამისა, დისკუსია ინფლაციის გარშემო იმ განცხადებების ფონზე გრძელდება, რომ ცხოვრების ხარჯები იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე ამას ოფიციალური მონაცემები ასახავს.

ინფლაციის კვლევის დამოუკიდებელი ორგანიზაცია ENAGroup-ი ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში რეალური ინფლაციის მაჩვენებლები ოფიციალურ მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება. TurkStat-მა სარჩელი შეიტანა მკვლევართა წინააღმდეგ და განაცხადა, რომ მონაცემების გამჟღავნება დაწესებულების სანდოობის შელახვას ისახავდა მიზნად.

აღსანიშნავია, რომ ერდოღანმა ორ წელზე ნაკლებ დროში ეროვნული ბანკის 3 პრეზიდენტი გაათავისუფლა. ცენტრალური ბანკის წინა მმართველი, ნაჯი აგბალი, რომელმაც ინფლაციის პრობლემის გადასაჭრელად რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა, წინააღმდეგობაში მოდიოდა ერდოღანის შეხედულებასთან, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთი იწვევს ინფლაციას. ცენტრალური ბანკის ახალი მმართველი, საჰაფ კავჯიოღლუ განაკვეთებთან დაკავშირებით ერდოღანის პოზიციას იზიარებს.

ასევე, ადმინისტრაციაში განხეთქილების ფონზე, ერდოღანმა მოულოდნელად შეცვალა ფინანსთა მინისტრი ლუთფი ელვანი. განხეთქილება რეფინანსირების განაკვეთის აგრესიულ შემცირებას უკავშირდებოდა, რაც ქვეყანაში ვალუტის გაუფასურებას და გაზრდილ ინფლაციას იწვევს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: უგურ ილმაზი