LIVE

რუსეთით შეშფოთებული შვედეთი კუნძულ გოთლანდზე ჯარს აძლიერებს

15 იან 202214:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 986
რუსეთით შეშფოთებული შვედეთი კუნძულ გოთლანდზე ჯარს აძლიერებს
Karl Melander/AFP/Getty Images

რუსეთის სამხედრო აქტივობის გაზრდის გამო შვედეთის შეიარაღებული ძალები აძლიერებენ მზადყოფნას რეგიონებში, მათ შორის ბალტიის ზღვის კუნძულ გოთლანდზე. კუნძული მდებარეობს კალინინგრადის მძიმედ მილიტარიზებული რუსული ექსკლავის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 200 მილის დაშორებით.

შვედეთის შეიარაღებული ძალების ოპერაციების უფროსმა მაიკლ კლაესონმა განაცხადა, რომ სამხედრო რესურსები გადანაწილდება შვედეთის რამდენიმე სხვადასხვა ადგილას ოპერაციების გასაძლიერებლად. 

“უსაფრთხოების მდგომარეობა ჩვენს უშუალო რაიონში დიდი ხნის განმავლობაში სერიოზული იყო და მოვლენების ბოლოდროინდელმა განვითარებამ კიდევ უფრო გააძლიერა ეს სურათი”, - განაცხადა კლაესონმა. 

შვედურმა ტაბლოიდმა Aftonbladet პარასკევს გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ პატრულირებს ჯავშანტექნიკა კუნძულის ყველაზე დიდი ქალაქის, ვისბის ნავსადგურში.

უდიდესი სკანდინავიური ქვეყანა, რომელიც არ არის ნატოს წევრი, შეძრა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ 2014 წელს და ომმა აღმოსავლეთ უკრაინაში. ხელისუფლებამ 2018 წლიდან სამხედრო გაწვევა დააბრუნა და დაიწყო სამხედრო შესაძლებლობების ზრდა. 

მიმდინარე კვირის დასაწყისში შვედეთის შეიარაღებული ძალების სარდალმა, მაიკლ ბიუდენმა განაცხადა, რომ შვედეთის შეიარაღებული ძალები ვერ შეასრულებენ ფუნქციებს, თუ რუსეთი აიძულებს დასავლეთს, დაეთანხმოს მის მოთხოვნებს.

“რუსეთი მზადაა გამოიყენოს სამხედრო ძალა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. არ უნდა გამორიცხოთ არც ერთი სცენარი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მაღალია რისკი”, - განაცხადა ბიუდენმა თავდაცვის ყოველწლიურ კონფერენციაზე. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნიკლას როლანდერი