LIVE

რუსი დიპლომატი ლათინურ ამერიკაში ჯარის განლაგებას არ გამორიცხავს

14 იან 202211:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 952
რუსი დიპლომატი ლათინურ ამერიკაში ჯარის განლაგებას არ გამორიცხავს
Denis Balibouse/Pool via AP

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა არ გამორიცხა კუბასა და  ვენესუელაში სამხედრო ძალების განთავსება, თუ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები არ შეწყვეტენ სამხედრო აქტივობებს რუსეთის საზღვართან. 

დიპლომატმა განაცხადა, რომ არ შეუძლია “დაადასტუროს ან გამორიცხოს” რუსეთის მიერ ლათინურ ამერიკაში სამხედრო ძალების გაგზავნის შესაძლებლობა. რიაბკოვმა რუსეთის ტერიტორიის მახლობლად აშშ-ისა და ნატოს სამხედრო განლაგებასა და წვრთნებს დესტაბილიზაცია უწოდა.

“ეს ყველაფერი დამოკიდებულია ამერიკელი კოლეგების ქმედებებზე”,- თქვა მინისტრმა რუსულ RTVI-სთან ინტერვიუში. მანამდე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვს შეუძლია მიიღოს “სამხედრო-ტექნიკური ზომები, თუ აშშ და მისი მოკავშირეები მის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ.

რიაბკოვის თქმით, შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების უარი, განიხილონ რუსეთის მთავარი მოთხოვნა უკრაინასა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ნატოს გაფართოების წინააღმდეგ გარანტიების შესახებ, ართულებს ნდობის აღდგენას.

შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა რიაბკოვის განცხადებებს “ტრაბახი” უწოდა. 

დასავლეთის ქვეყნებმა გააფრთხილეს რუსეთი მძიმე შედეგების შესახებ, თუ ის უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას დაიწყებს. პარალელურად, რუსეთი ნატოსგან მოითხოვს, არ მიიღოს ყოფილი საბჭოთა ქვეყნები ახალ წევრებად.

რუსეთის მოთხოვნებსა და უკრაინის საზღვარზე მზარდი ესკალაციის განსახილველად რუსეთს, ნატოსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე კვირაში რამდენიმე მოლაპარაკება გაიმართა, თუმცა ამ ეტაპზე პოზიტიური შედეგი არ ჩანს.