
ირანმა კრიპტოვალუტის მაინინგის ავტორიზებული ცენტრების დახურვის ბრძანება წელს მეორედ გასცა. მიზანი ქვეყნის ელექტროსადგურებზე ზეწოლის შემსუბუქებაა.
აკრძალვა, რომელიც 6 მარტამდე იქნება ძალაში, საყოფაცხოვრებო სექტორისთვის 209 მეგავატ ელექტროენერგიას გამოათავისუფლებს. ხელისუფლება ასევე ებრძვის არალეგალურ კრიპტო მაინინგს, რომელსაც ახორციელებენ როგორც ფიზიკური პირები, ასევე უფრო ფართომასშტაბიანი სამრეწველო ერთეულები. ქვეყანაში არალიცენზირებულ ოპერატორებს კრიპტო მაინინგის უდიდესი წილი უკავიათ. ისინი 600 მეგავატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ.
ირანმა ელექტროსადგურებზე გაზრდილი ზეწოლის გამო კრიპტო მაინინგი წლის დასაწყისშიც აკრძალა. მიუხედავად იმისა, რომ მაინინგის დიდი ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში ჩინეთში იყო კონცენტრირებული, ეს წელს შეიცვალა. ქვეყნის მასშტაბით კრიპტო მაინინგის აკრძალვამ ოპერატორებს სხვა ქვეყნებში გადასვლა აიძულა, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც იაფი ელექტროენერგიაა. ამან, თავის მხრივ, ზეწოლა მოახდინა ელექტრო ქსელებზე, რის შედეგადაც ქვეყნებს ისლანდიიდან ყაზახეთამდე ინდუსტრიისთვის შეზღუდვების დაწესება მოუწიათ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იასნა ჰაგდუსტი