LIVE

რუსეთში Google-ს უზარმაზარი ჯარიმა ემუქრება

17 დეკ 202112:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 671
რუსეთში Google-ს უზარმაზარი ჯარიმა ემუქრება

რუსეთში Google-ს პოტენციურად მძიმე ჯარიმა ემუქრება. მოსკოვის მეცხრე საარბიტრაჟო სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა აპრილში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ამერიკულ კომპანიას ავალდებულებს მის ერთ-ერთ პლატფორმა Youtube-ზე აღადგინოს სატელევიზიო არხ Tsargrad-ის ანგარიში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ყოველდღიური ჯარიმის გადახდა მოუწევს. 

ჯარიმის სახით კომპანიას ყოველდღიურად 100,000 რუბლის ($ 1,360) გადახდა ემუქრება. პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეს თანხა ყოველკვირეულად გაორმაგდება. Tsargrad-ის განმარტებით, სასამართლომ ჯამში ცხრა თვის განმავლობაში კომპანიას 1 მილიარდი რუბლის ოდენობის ჯარიმა დაუწესა. შესაძლოა, შემდგომში ეს თანხა გაიზარდოს. რუსეთის კანონმდებლობით, პოტენციური ჯარიმის ზედა ზღვარი არ არსებობს.

Spark-Interfax მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2020 წელს Google-მა რუსეთში დაახლოებით 85 მილიარდი რუბლი ($1,16 მილიარდი) შემოსავალი მიიღო.

რუსეთმა გააძლიერა კონფრონტაცია უცხოურ სოციალურ მედიასა და ინტერნეტ კომპანიებზე, რასაც მთავრობა ციფრული სუვერენიტეტის მხარდაჭერით ხსნის. 

მარეგულირებლებმა ჯარიმები დაუწესეს Google-ს და Twitter-ს, იმისათვის, რომ აიძულონ ისეთი პოსტების წაშლა, რომლებიც ხელს უწყობს არაავტორიზებული პროტესტს.

სექტემბერში რუსეთში არჩევნების წინ Google-მა და Apple-მა წაშალეს საპროტესტო ხმის მიცემის აპლიკაცია, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება მათ ადგილობრივ თანამშრომლებს დაპატიმრებით დაემუქრა.

Tsargrad-ს, რომელიც აცხადებს, რომ მხარს უჭერს ტრადიციულ მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ღირებულებებს, YouTube-ზე მილიონი გამომწერი ჰყავდა. არხი ეკუთვნის კრემლის მოკავშირე კონსტანტინე მალოფეევს, რომელიც სანქცირებულია აშშ-ის და ევროკავშირის მიერ 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსული აჯანყების სავარაუდო დაფინანსების გამო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰენრი მაიერი